საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი - ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გადაიდება
2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადა, რომელიც ტოკიოში უნდა გაიმართოს, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდება. თამაშები სავარაუდოდ მომავალ – 2021 წელს გაიმართება. აღნიშნულის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) წევრმა დიქ ფაუნდმა „იუ-ეს-ეი თუდეის“ (USA Today) ეთერში განაცხადა.
„იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ამჟამად აქვს, გადაწყდა, რომ ტურნირს გადავდებთ. დეტალები გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ რამდენად მე ვიცი, თამაშები 24 ივლისს არ დაიწყება,“- თქვა მან ჟურნალისტ ქრისტინ ბრენერთან საუბრისას.
მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული სპორტული ლიგები გაურკვეველი ვადითაა შეჩერებული, რათა შეფერხდეს კორონავირუსის გავრცელების ტემპი. უეფამ ევროპის ჩემპიონატი 2021 წლამდე გადადო.
ამ მომენტამდე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები ზაფხულის თამაშების გადადებაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებდნენ. იაპონიის ოლიმპიადის მინისტრმა, სეიკო ჰაშიმოტომ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ქვეყანა ჩვეულ რითმში აგრძელებს ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებას, თუმცა დღეს, ქვეყნის პრემიერმა თქვა, რომ ზაფხულის თამაშების გადადება გარდაუვალია.