საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 133-ე სესიაზე ტოკიოს თამაშებისთვის დევნილთა გუნდის შექმნა გადაწყდა
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტმა (IOC) ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის ლტოლვილთა გუნდის შექმნას დაუჭირა მხარი.
IOC-ის შესაბამისი გადაწყვეტილება ბუენოს აირესის 133-ე სესიაზე მიიღეს. თამაშებში მონაწილეობის პირობები და მის წევრთა შერჩევის წესი განისაზღვრება ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებთან, სპორტულ ფედერაციებთან, ოლიმპიადის ორგანიზატორებთან და დევნილთა საკითხებში გაეროს სააგენტოსთან თანამშრომლობით. გუნდის წევრთა ვინაობა 2020 წელს გამოცხადდება.
„IOC-ის სესიამ ინიციატივას მხარი დაუჭირა. იდეალურ სამყაროში ოლიმპიური თამაშებისთვის დევნილთა გუნდის შექმნის აუცილებლობა არ გვექნებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, მიზეზები, რომლის გამოც რიო დე ჟანეიროს თამაშების წინ პირველად შევქმენით ასეთი გუნდი, კვლავაც რჩება. ყველაფერს ვიღონებთ, რომ დევნილ ათლეტებს ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში მივცეთ სახლი და დროშა იქ, სადაც წარმოდგენილი იქნებიან 206 ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ათლეტები,“ – განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.
აგრეთვე, თომას ბახი მიიჩნევს, რომ ბუენოს აირესის 133-ე სესია მეტად ნაყოფიერი გამოდგა. მისი თქმით, სესიაზე ოლიმპიური მოძრაობისთვის არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.
„წარმატებული სესია იყო, სადაც ოლიმპიური მოძრაობისთვის ბევრი ისტორიული გადაწყვეტილება მივიღეთ, მათ შორისაა 2022 წელს სენეგალის დედაქალაქ დაკარში ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩატარება. კმაყოფილები ვართ იმით, თუ როგორ წარადგინა საკუთარი კანდიდატურა აფრიკამ,“ – თქვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა.
IOC-ის სესიაზე ასევე მიიღეს ათლეტთა უფლებებისა და ვალდებულებების დეკლარაცია, რომელზეც მონაწილეობა მიიღო 190 ქვეყნის 4200-ზე მეტმა სპორტსმენმა. დოკუმენტში აღნიშნულია 12 უფლება და 10 ვალდებულება, მათ შორის ანტისადოპინგო საკითხები და დისკრიმინაციასთან ბრძოლა.
„კმაყოფილი ვარ ამ დეკლარაციაზე მუშაობით და იმით თუ როგორ მივაღწიეთ მას,“ – განაცხადა IOC-ის ათლეტთა კომისიის თავმჯდომარემ, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ცურვაში, ზიმბაბველმა კირსტი კოვენთრიმ, რომელიც იმავე სესიაზე დაკარი 2022-ის საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელად აირჩიეს.
წყარო – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი