საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი - პიონჩანგი ოლიმპიადისთვის მზად არის
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი - პიონჩანგი ოლიმპიადისთვის მზად არის

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საკუთარ ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ სამხრეთ კორეის ქალაქი პიონჩანგი ბოლომდე მზად არის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის მისაღებად. ასეთი დასკვნა გამოიტანა საკოორდინაციო კომისიამ ოლიმპიური ობიექტების მორიგი ინსპექტირების შემდეგ. ოლიმპიური თამაშები 9-25 თებერვალს გაიმართება.

„სპორტული ობიექტების მშენებლობა დასრულებულია, მზად არის ოლიმპიური სოფელი. მთელი კორეა იჩენს ინტერესს ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის მიმართ. შემიძლია, დავადასტურო, რომ ახალი ჩქაროსნული რკინიგზა ძალიან მოხერხებულია. დარწმუნებული ვარ, მომავალი ოლიმპიადა დაუვიწყარი სანახაობა იქნება როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის”, – აღნიშნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარემ გუნილა ლინდბერგმა.

როგორც 2018 წლის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ლი ჰი ბომმა განაცხადა, ოლიმპიადის დაწყებამდე 79 დღე დარჩა. მისი თქმით, მომდევნო რამდენიმე კვირა ძალიან დაძაბული და საინტერესო იქნება.

„ჩვენ მზად ვართ მივესალმოთ მსოფლიოს. ამ კვირას, ოლიმპიურმა კომიტეტმა კიდევ ერთხელ ძალიან პროდუქტიულად და პოზიტიურად შეამოწმა ყველა ობიექტი. შემდეგი რამდენიმე კვირა ძალიან დაძაბული და საინტერესო იქნება, რადგან დავასრულებთ ყველა წვრილმან დეტალზე მუშაობას“, – განაცხადა 2018 წლის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ლი ჰი ბომმა.