საერთაშორისო კომპანიები 3000 ახალგაზრდას ტექნოლოგიების სფეროში გადაამზადებენ
საერთაშორისო კომპანიები 3000 ახალგაზრდას ტექნოლოგიების სფეროში გადაამზადებენ

ტექნოლოგიების სფეროში ახალგაზრდების გადამზადებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, 3000 ახალგაზრდა უნიკალურ შესაძლებლობას მიიღებს, უფასოდ გაიარონ ტექნოლოგიების სფეროში გადამზადება და ეს საერთაშორისო კომპანია შეძლებს საერთაშორისო სერთიფიკატის გაცემას.

„მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სერთიფიკატის ქონა, ფაქტობრივად მათ აძლევთ გარანტირებულად დასაქმების შესაძლებლობას. ახლა გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი, რაც გულისხმობს, რომ გამარჯვებულმა კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებში ტექნოლოგიების სფეროში 3000 მსურველის გადამზადება. ეს მიმართულებებია: ქსელების უსაფრთხოება, ადმინისტრირება, კიბერუსაფრთხოება, პროგრამირება, ანუ მთელი სპექტრი, რომელიც ტექნოლოგიების სფეროში ძალიან მოთხოვნადია“, – განაცხადა ბატიაშვილმა.