„საერთაშორისო გამჭვირვალობასა“ და „სამართლიან არჩევნებში“ აცხადებენ, რომ თბილისში გავრცელებული პოსტერები მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების ცალკეული წარმომადგენლების მიმართ აგრესიის გაღვივებას ემსახურება
„საერთაშორისო გამჭვირვალობასა“ და „სამართლიან არჩევნებში“ აცხადებენ, რომ თბილისში გავრცელებული პოსტერები მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების ცალკეული წარმომადგენლების მიმართ აგრესიის გაღვივებას ემსახურება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) აცხადებენ, რომ მასობრივად გავრცელებული პოსტერები მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების ცალკეული წარმომადგენლების მიმართ აგრესიის გაღვივებას ემსახურება.

„24 ივლისს, თბილისში დაუდგენელმა პირებმა პოსტერები წარწერით „არა ნაცებს! არა ბოროტებას“ გააკრეს. ქალაქის მასშტაბით განთავსებულ ბანერებზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად სამი კრიტიკული ტელევიზიის ხელმძღვანელები და სამოქალაქო აქტივისტები – „სირცხვილიას“ წარმომადგენელი გიგა მაქარაშვილი და „თბილისი პრაიდის“ დირექტორი გიორგი თაბაგარი არიან გამოსახული. პოსტერები, თავისი შინაარსითა და ფორმით ძალადობისაკენ მოწოდებას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის მასზე გამოსახული ადამიანების უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს.

მსგავს შემთხვევას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინაც ჰქონდა ადგილი,  აუდიტის სამსახურის მიერ საკითხის გამოკვლევის შემდეგ ბილბორდების ხარჯი დეკლარირებული იქნა შემოწირულებად. ამჯერად კონტექსტი რადიკალურად განსხვავებულია. შემოწირულების გარდა, 5-6 ივლისის მოვლენების ფონზე მასობრივად გავრცელებულ პოსტერის შინაარსი ძალადობისკენ მოწოდებად აღიქმება, აგრეთვე აშკარაა პოსტერების ჰომოფობიური ქვეტექსტიც. შესაბამისად, იმის ფონზე, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მმართველი პარტიის მხრიდან სულ უფრო ხშირად გვხვდება სიტყვიერი თავდასხმები კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მისამართით, პოსტერზე არსებულმა მოწოდებებმა შესაძლოა კიდევ ერთხელ დააყენოს ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის საფრთხის ქვეშ.

თბილისის მერიის განცხადებით მისი შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს პლაკატების ჩამოხსნას, რადგან ის აზიანებს ქალაქის იერსახეს და ამის გამო არის უკანონო. მიგვაჩნია, რომ ამგვარი შინაარსის პოსტერების გავრცელება რისკს უქმნის მომავალი საარჩევნო კამპანიის მშვიდ ვითარებაში წარმართვასაც და პოლარიზაციის რისკების გათვალისწინებით ხიფათს წარმოადგენს ჯანსაღი დემოკრატიული პროცესებისთვის.

მოვუწოდებთ: შესაბამის სამსახურებს, შეასრულონ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება და უზრუნველყონ ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოების ადეკვატური დაცვა.

პოლიტიკურ ლიდერებს, გაემიჯნონ გავრცელებული პოსტერების ძალადობრივ შინაარსს და გაავრცელონ მკაფიო გზავნილები ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოების მნიშვნელობასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

თბილისის მერიამ ამ საკითხზე დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია: „ვრცელდება ინფორმაცია, რომ დედაქალაქში მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა პლაკატები, რაც უკანონო ქმედებაა, პლაკატებს ჩამოხსნის „თბილსერვის ჯგუფი“.