„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლები პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრებს შეხვდნენ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლები პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრებს შეხვდნენ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებისა და პატიმრობის შეფარდების თაობაზე კითხვის ნიშნები არსებობს. ამის შესახებ მან „გამარჯვებული საქართველოს“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეკა გიგაურის თქმით, არგუმენტები, რომლებიც სასამართლომ და პროკურატურამ წარადგინეს, თითქოს ირაკლი ოქრუაშვილი შეიძლება, მიიმალოს და შესაძლოა, მოწმეებზე გავლენა მოახდინოს, არ არის წონიანი არგუმენტები.

„ვფიქრობთ, კადრებში რაც იკვეთება, ამას დამატებითი მტკიცებულებები სჭირდება, რათა მიეცეს სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია. რამდენიმე დღის წინ მოვუწოდეთ პროკურატურას, რომ მეტი მტკიცებულებები გამოაქვეყნოს. სხვა შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ ეს არ არის საკმარისი, რათა ადამიანის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგეს. ასევე როგორც ჩანს, პრობლემა არის წინასწარი პატიმრობის თემა, რადგან წინასწარი პატიმრობა გამოიყენება უკიდურეს შემთხვევაში და ეს არის ევროპული სტანდარტი.

რაც შეეხება არგუმენტებს, რომლებიც სასამართლომ და პროკურატურამ წარმოადგინეს, თითქოს ოქრუაშვილი შეიძლება, მიიმალოს – ოქრუაშვილმა იცოდა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა საქართველოში, ამიტომ, ეს არგუმენტი არამგონია, წონიანი იყოს. მეორე, თითქოს მას შეეძლო, გავლენა მოეხდინა მოწმეებზე, ესეც არ არის წონიანი არგუმენტი, რადგან მოწმეები თავად პოლიციელები არიან და მათზე ზეწოლის მოხდენა ასეთი მარტივი არ არის. ვფიქრობ, აქ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია.

ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს და უფრო გამჭვირვალე იყოს ამ პროცესთან მიმართებაში იმის გათვალისწინებით, რომ იქამდე, ვიდრე ეს ყველაფერი მოხდებოდა, ოქრუაშვილი საუბრობდა ასევე კონკრეტულ ინფორმაციაზე „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით და ეს შესაძლებელია, მმართველი პარტიისთვის ​და ბიძინა ივანიშვილისთვის არასასიამოვნო ყოფილიყო. ოქრუაშვილი არის პარტიის წევრი და შესაბამისად, როცა პოლიტიკოსებზეა საუბარი, აქ უფრო მეტი გამჭვირვალობაა საჭირო“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

ეკა გიგაურის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მიმდინარე პროცესებს მონიტორინგს გაუწევს. მისივე თქმით, ისინი დამატებით მასალებს გაეცნობიან და დაესწრებიან სასამართლო სხდომებს. მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლო ზეწოლის ფაქტებს სახალხო დამცველის მონიტორები დაადგენენ და მსგავს ფაქტს თუ ექნება ადგილი, სახალხო დამცველის ოფისი გაასაჯაროებს.