„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა.

​როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2019 წელს იმ 19 პოლიტიკურ პარტიას შორის, რომელთაც 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი ან ხარჯი უფიქსირდებოდა, მმართველი „ქართული ოცნება” კვლავაც ყველაზე მდიდარ პარტიას წარმოადგენდა და თითქმის 10-მილიონიანი დაფინანსებით უკონკურენტო უპირატესობით სარგებლობდა.

„19 პარტიის მიერ წარდგენილი 2019 წლის ფინანსური დეკლარაციების ანალიზის შედეგად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოკვეთა: პარტიების შემოსავლები 2019 წელს 19-მა პარტიამ 20 739 364 ლარის შემოსავალი მიიღო. აქედან თითქმის ნახევარი – 9 502 653 ლარი – მმართველ პარტია „ქართული ოცნებაზე” მოდიოდა.

ყველაზე მაღალშემოსავლიან პარტიათა სამეულში ასევე შედიან: 1 676 618 ლარით – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” 1 643 099 ლარით – „ევროპული საქართველო” პოლიტიკური პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 59% (12 301 675 ლარი) სახელმწიფო დაფინანსებაზე მოდიოდა, 41% (8 437 689) კი – კერძოზე. „ქართულ ოცნებას” თუ გამოვაკლებთ, დანარჩენი 18 პოლიტიკური პარტიის ჯამური შემოსავლის 88% სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ თანხებზე მოდიოდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა პოლიტიკური პარტია სახელმწიფო დაფინანსებაზე თითქმის სრულად არის დამოკიდებული და ეს ტენდენცია წლიდან წლამდე ფაქტობრივად არ იცვლება.

„19 პარტიიდან მხოლოდ ერთს – საზოგადოებრივ მოძრაობა „ლელოს“ არ მიუღია სახელმწიფო დაფინანსება, ვინაიდან იგი 2019 წელს შეიქმნა და ჯერ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია; 2019 წელს 19 პარტიიდან 13-მა მთლიანობაში 8 362 581 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო 450 ფიზიკური და 26 იურიდიული პირისგან. შემოწირულებების 84% – 7 036 166 ლარი მმართველ პარტიაზე მოდიოდა.

„ქართულმა ოცნებამ” 14-ჯერ მეტი თანხა მიიღო, ვიდრე კერძო დაფინანსებით მეორე ადგილზე მყოფმა „ლელომ” და 5-ჯერ მეტი, ვიდრე დანარჩენმა 18-მა პარტიამ; 141 843 663 ლარის სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს 2019 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე „ქართული ოცნების” შემომწირველმა ცხრა კომპანიამ და შემომწირველ ფიზიკურ პირებთან დაკავშირებულმა 15 კომპანიამ: 15 750 924 ლარი გამარტივებული შესყიდვებით 126 092 739 ლარი ტენდერებით ამ დამფინანსებლებს მმართველი პარტიის ყულაბაში ჯამში 1 745 000 ლარი ჰქონდათ შეტანილი; 2019 წელს კომპანიამ „გ & კ ტექნოლოგი” და მისმა მფლობელმა რომან აბრამიშვილმა „ქართულ ოცნებას”, შესაბამისად, 40 000 და 60 000 ლარი ჩაურიცხეს. ამ კომპანიამ 16 თვის განმავლობაში 28 376 575 ლარის 8 სახელმწიფო ტენდერი მოიგო. აბრამიშვილი 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს, 2012 წელს კი მაშინდელ მმართველ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც” აფინანსებდა;

წლების განმავლობაში მმართველი პარტიის დამფინანსებლებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომლებიც თითქმის ყოველ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” დიდ თანხებს ურიცხავენ. ყველა ამ ბიზნესჯგუფს ერთი საერთო ახასიათებს – მასში შემავალი პირების დიდი ნაწილი ერთსა და იმავე დღეს ან 1-2 დღის შუალედში წირავს მმართველ პარტიას თანხას, რაც ეჭვებს აჩენს: წინასწარ ხომ არ არის ეს კოლექტიური ქმედება ვინმეს მიერ ორგანიზებული? სხვა პირების მეშვეობით ხომ არ ხდება შეწირვა?

„ქართული ოცნების” მსხვილ დამფინანსებლებს შორის 2019 წელსაც, ტრადიციულად მოხვდნენ: ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შემომწირველი ფიზიკური და იურიდიული პირების ჯგუფი; სახელმწიფო შესყიდვების მსხვილ კონტრაქტორ „თეგეტა მოტორსთან” დაკავშირებული პირები; „ლილო-მოლთან” დაკავშირებული შემომწირველები; „სერვის-აგროსთან“ პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული შემომწირველები; „პოლიმერთან” დაკავშირებული პირები“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, პარტიების ხარჯები 19-მა პარტიამ 2019 წელს სულ 20 723 057 ლარი დახარჯა, რომლის 43% – 8 877 711 ლარი – მმართველ პარტიაზე მოდის. 2 206 248 ლარით მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველო”; 1 671 775 ლარით მესამეზე კი – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;

„2019 წელს პარტიებმა რეკლამაზე ჯამში 2 352 736 ლარი დახარჯეს, აქედან 74% – 1 747 140 ლარი – მმართველ პარტიაზე მოდიოდა. „ქართულმა ოცნებამ” რეკლამაში 3-ჯერ მეტი გადაიხადა, ვიდრე დანარჩენმა 18 პარტიამ ჯამურად დახარჯა – 605 596 ლარი. სხვა საკითხები პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა Facebook-ზე დასპონსორებული პოლიტიკური შინაარსის საინფორმაციო მასალა, რომლის დამკვეთიც არ არის საჯარო; Facebook-მა საკუთარი ინიციატივით უკვე ორჯერ წაშალა ასეულობით მომხმარებელი, რომლებიც ერთი ცენტრიდან იმართებოდნენ და სხვადასხვა პოლიტიკოსების დისკრედიტაციას ეწეოდნენ; სახელმწიფო აუდიტის სამსახური სოციალურ ქსელებში პოლიტიკური ფინანსების ხარჯვას ვერ აკონტროლებს – ეს პრობლემა მოგვარებას საჭიროებს. რეკომენდაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან მეტი ყურადღება უნდა მიექცეს: მაღალი რისკის შემცველი შემოწირულებების იდენტიფიცირებას და შესწავლას; პარტიების ფინანსური დეკლარაციების ეფექტურ მონიტორინგს; პარტიების შესაძლებლობების გაძლიერებას ფინანსების სწორად და სრულად დეკლარირების მხრივ; პარტიებმა სხვადასხვა ღონისძიებებისა თუ კამპანიების მეშვეობით უფრო მეტი აქცენტი უნდა გააკეთონ შემოწირულებების მოზიდვაზე“, – აღნიშნულია ანგარიშში.