„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - საპარლამენტო არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, შეინიშნება დარღვევების უფრო დიდი რაოდენობა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - საპარლამენტო არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, შეინიშნება დარღვევების უფრო დიდი რაოდენობა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვირვებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ძირითად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც მათი სტატიკური დამკვირვებლები არიან წარმოდგენილნი, დროულად გაიხსნა. თუმცა, ორგანიზაციის განცხადებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, შეინიშნება დარღვევების უფრო დიდი რაოდენობა.

„ჩვენ მიერ დაფიქსირდა 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენმა დამკვირვებლებმა დაწერეს 15 საჩივარი. მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:

დამკვირვებლების გამოძევება

გურჯაანის #09.12.15 უბნიდან გამოაძევეს ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებელი მას შემდეგ, რაც მან დააფიქსირა, რომ ერთ-ერთი პირი ამომრჩეველს მიყვებოდა საარჩევნო კაბინაში. გარდა ამისა, გურჯაანის #09.12.01 და ფოთის #26.70.17 უბნებიდან სცადეს ჩვენი დამკვირვებლების გამოძევება, თუმცა შემდეგ შეცვალეს გადაწყვეტილება.

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა (გახსნილი ბიულეტენები და კამერები კაბინასთან ახლოს)

ადგილი ჰქონდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის შემთხვევებს. კერძოდ, გორის #15.32.03, ახალციხის #17.37.04 უბნებზე საარჩევნო კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი ბიულეტენს აჩვენებდა იქვე მდგომ პირებს. მათ შორის, აღსანიშნავია ახალციხის შემთხვევა, სადაც საარჩევნო ყუთის მეთვალყურე ყველა ამომრჩეველს სთხოვდა, ეჩვენებინა ბიულეტენები, რითაც ხშირად ირღვეოდა კენჭისყრის ფარულობა. რამდენიმე უბანზე სტაციონარული ვიდეოკამერები ძალიან ახლოს იდგა საარჩევნო კაბინებთან, რითაც ამომრჩევლის ნების კონტროლის საფრთხე იქმნებოდა. ასეთი უბნებია: დუშეთის #11.28.37, გორის #15.32.28

წილისყრის პროცედურის დარღვევა

ახალციხის #12.21.14, მარნეულის #13.22.85, დმანისის #14.24.46, ვაკის #02.02.31 უბნებზე კომისიის წევრების ფუნქციების გასანაწილებლად საჭირო წილისყრა საერთოდ არ ჩატარდა, ან ჩატარდა, მაგრამ წესების დარღვევით.

მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა კენჭისყრის შენობაში

ტენდენციის სახე ჰქონდა მედიაორგანიზაცია „ნიუპოსტის” წარმომადგენლების მიერ საარჩევნო უბნის შიგნით ყველა ამომრჩევლისთვის ფოტოს გადაღებას და სპეციალური პროგრამის მეშვეობით მათ გაგზავნას.

საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნა

ნაძალადევის #06.07.07, ქუთაისის #23.59.122 და ბათუმის #28.79.14 და წყალტუბოს #22.58.30 უბნები დაგვიანებით გაიხსნა.

არაუფლებამოსილი პირების უბანზე ან უბნის სიახლოვეს ყოფნა

დილას გარდაბნის #12.21.14 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ პირები სამკერდე ნიშნის გარეშე, რომლებიც აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, რაზეც კომისიის თავმჯდომარე არ რეაგირებდა. მოგვიანებით, ამ პირებმა გაიკეთეს სამკერდე ნიშნები.

კოვიდუსაფრთხოების ნორმების დარღვევა

მთელი ქვეყნის მასშტაბით ტენდენციის სახე ჰქონდა კოვიდინფექციის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებული ნორმების დარღვევას. ბევრ უბანზე კომისიის წევრებს არ ეკეთათ დამცავი ფარი. ხშირ შემთხვევაში, ვერ ხდებოდა დისტანციის დაცვა, ირღვეოდა პირბადის ტარების წესები.

საჩივრის ჩაბარებესთან დაკავშირებული პრობლემები

დმანისის #14.24.46 უბანზე კომისიის მდივანი არ იბარებდა ჩვენი დამკვირვებლის საჩივარს. საოლქო საარჩევნო კომისიის ჩარევის შემდეგ, პრობლემა აღმოიფხვრა.

მარკირების გარეშე ხმის მიცემა

დუშეთის #11.28.01 და ახმეტის #10.18.04 უბნებზე ადგილი ჰქონდა მარკირების გარეშე ხმის მიცემას.

აგიტაცია საარჩევნო უბანზე

თეთრიწყაროს #14.26.10 უბანზე დაფიქსირდა აგიტაციის შემთხვევა“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი