„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მაკა ასათიანის კომპანიისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მაკა ასათიანის კომპანიისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს

მაკა ასათიანისა და მის კომპანია “აკასთან” დაკავშირებული კვლევის ნაწილის ჩასწორებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ არ აპირებს. მერსედეს-ბენცის ოფიციალური წარმომადგენლობის ადვოკატებისა და მესაკუთრის, მაკა ასათიანის განცხადებას ორგანიზაციის მკვლევარი, გია გვილავა პასუხობს და აღნიშნავს, რომ მათ მხოლოდ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და დასაბუთებაში აღნიშნული ერთი კონკრეტული ეპიზოდი შეაფასეს.

„ჩვენ დავინტერესდით ერთადერთი ფაქტით. ეს იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც განაახლა ერთხელ უკვე დასრულებული დავა და ამ ნაწილში ჩვენ ვნახეთ გარკვეული შეუსაბამობები. თან ეს არის ისეთი პროცესი, რომელიც საბოლოოა და ჩვენ არ გაგვიკეთებია შეფასებები იმ დავაზე, რომელიც მიმდინარეობს.

დავა მიმდინარეობს და ვის ეკუთვნის 20%-იანი წილი, ჩვენ არ გვაინტერესებდა. საქმეში მოყვანილია შეფასება ერთი კონკრეტული ეპიზოდის, ერთი ნაწილის, რომელიც საბოლოოა და ძალაშია შესული. განახლდა საქმე ისე, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებად ჩაითვალა ოქმი, რომელიც მანამდე იყო საქმეში და ახალი როგორ იყო, დასაბუთება არ იყო საკმარისი.

როგორც წესი, უდიდესი შემთხვევების დროს, საქმე არ ახლდება. ჩვენ ამ მიმართულებით დავსვით კითხვის ნიშნები. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებას დავეყრდენით, რომელშიც მოცემულია ფაქტობრივი გარემოებები ისე, როგორც მოსამართლემ აღწერა. ჩვენ არ გვქონია კომუნიკაცია მეორე მხარესთან, რადგან ვაფასებდით გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გია გვილავამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანალიტიკოსის თქმით, კვლევას მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაასწორებენ, თუ სასამართლოს დასკვნა ჩასწორდება და ეს არ მოხდება, რადგან მისი თქმით, სასამართლოს დასაბუთება ვერ შეიცვლება.

„ბუნებრივია, ჩვენ მოგვიტანა მასალები ერთ-ერთმა მხარემ და ჩვენ მერე მხოლოდ გადაწყვეტილებას დავეყრდენით. ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, რეალურად ვის ეკუთვნის 20%. ჩვენ პრობლემა დავინახეთ დავაში, რომელიც არის დასრულებული. ეს ნაწილი დასრულებულია. მიმდინარე დავა არ შეგვიფასებია.

ჩვენ რას ვილაპარაკებთ და როგორ ვილაპარაკებთ, გადაწყვეტილების შეფასება ჩვენი ნება, ჩვენი პრეროგატივაა და ვმოქმედებთ იმის მიხედვით, როგორ ჩავთვლით საჭიროდ. სხდომები, დოკუმენტები იყო საჯარო. აღმოვაჩინეთ რაღაც კითხვის ნიშნები, რომელზეც საჯაროდ ვილაპარაკეთ. თუ სასამართლო არ შეცვლის თავის დასაბუთებას, რაც არ მოხდება, რადგან ამის მექანიზმი არ არსებობს, ჩვენც არ შევცვლით ჩვენს დასაბუთებას. დარწმუნებული ვართ იმაში, რასაც ვლაპარაკობთ. ერთი კონკრეტული ნაწილია და მე ამ პრესკონფერენციაზე ადეკვატური პასუხი ვერ დავინახე. არც ერთი არგუმენტი არ არის მისაღები. თუ მათ უნდათ კონკრეტული პოზიციის გაზიარება, ჩვენ ღია ვართ, მაგრამ ეს არ გამოიწვევს ცვლილებას. ჩვენ შევაფასეთ სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ ნაწილში ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ“,- აცხადებს გია გვილავა.

მაკა ასათიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსგან“ ბოდიშის მოხდას და კვლევაში დაშვებული შეცდომის აღიარებას ითხოვს. ასათიანი და მისი ადვოკატები არ გამორიცხავენ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივლონ.