„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - ხელისუფლება ჯარიმასა და ადმინისტრაციულ დაკავებას სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ იარაღად იყენებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - ხელისუფლება ჯარიმასა და ადმინისტრაციულ დაკავებას სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ იარაღად იყენებს

ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ძალა შერჩევითად, არაპროპორციულად და დაუსაბუთებლად გამოიყენება, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 20-21 ივნისს დაკავებულების მიმართ, სასამართლომ სათანადო დასაბუთებისა და მტკიცებულებების გარეშე, სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით,  ადმინისტრაციული პატიმრობა და სოლიდური ოდენობის ჯარიმები გამოიყენა. იგივე პრაქტიკა გაგრძელდა შემდგომი აქციების დროს დაკავებული პირების  მიმართ.

„არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებით აკვირდებიან 20 ივნისის მოვლენების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტების მიერ გამართული აქციების მიმდინარეობას და მათ მიმართ გამოყენებული ძალისა და შეფარდებული სანქციების არამართლზომიერებაზე საუბრობენ.

პროცესების დაკვირვებამ აჩვენა, რომ პოლიციის მხრიდან დაკავებულებისათვის არ ხდება იმ მინიმალური უფლებების განმარტებაც კი, რომელსაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს. გარდა ამისა, სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ვერ წარადგენენ მტკიცებულებებს, რომელიც დაასაბუთებდა დაკავების კანონიერებას.  ძირითადად, გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ პოლიციელის ჩვენების საფუძველზე ხდება. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მტკიცებულებებად ვიდეო მასალები წარადგინეს, ძირითადად, მათზე  დაკავებულების მხრიდან სამართალდარღვევის ფაქტი არ იყო აღბეჭდილი“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და აღნიშნავს, რომ ამ გარემოებების მიუხედავად, სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, როგორც წესი, ადმინისტრაციული პატიმრობა ან უმრავლეს შემთხვევაში ჯარიმა გამოიყენება. ჯარიმის ოდენობა, ძირითადად, 1000 ლარიდან 2500 ლარამდე მერყეობს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მოსაზრება მოჰყავს, რომლის თანახმად არაპროპორციულმა სანქციამ, მათ შორის მკაცრმა ჯარიმამ, შესაძლოა, დაარღვიოს შეკრების თავისუფლების უფლება და ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, რომელიც მომავალში შეკრებასა და მანიფესტაციებში მონაწილეობის მსურველ პირს უბიძგებს, თავი შეიკავოს პროტესტის გამოხატვისგან. ამასთანავე, როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ არასათანადოდ მკაცრი სანქციის გამოყენებამ შესაძლოა,  მსუსხავი ეფექტის საფრთხე გააჩინოს.

„საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე აქციებში მონაწილე დემონსტრანტები ხშირად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები არიან, შესაძლოა მივიჩნიოთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დემონსტრანტებს მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როცა სამართალდარღვევის ფაქტი კონკრეტული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, სასამართლოს მხრიდან მსგავსი სანქციების განსაზღვრა, შესაძლოა, მიუთითებდეს ხელისუფლების სურვილზე, ჯარიმის გამოყენებას მოჰყვეს მსუსხავი ეფექტი, რათა დასუსტდეს საპროტესტო მოძრაობა და მომავალში საზოგადოების კრიტიკულად განწყობილმა ნაწილმა თავი შეიკავოს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობისგან.

დატოვე კომენტარი