„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან უნდა გადადგეს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან უნდა გადადგეს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პროკურატურამ ვერ შეძლო საზოგადოებაში არსებული კითხვებისთვის დამაჯერებელი პასუხების გაცემა, – ამის შესახებ აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგეს თანამდებობიდან.

„ვეხმიანებით ხორავას ქუჩაზე ორი ახალგაზრდის მკვლელობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. მიგვაჩნია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პროკურატურამ ვერ შეძლო, საქმეზე არასათანადო ზეგავლენის არსებობის შესახებ, საზოგადოებაში არსებული კითხვებისთვის დამაჯერებელი პასუხების გაცემა. სასამართლოს მიერ საქმეზე გამოტანილი განაჩენიც იმაზე მიუთითებს, რომ ბრალდების მხარემ ვერ მოახერხა საქმის სრულყოფილად გამოძიება.

საზოგადოებაში წლებია არაერთი კითხვა არსებობს გახმაურებული საქმეების მიუკერძოებლად და არასრულყოფილად გამოძიების თაობაზე, რაც პროკურატურის მიმართ ნდობის შემცირების მიზეზიც გახდა. პროკურატურას ამჟამად დაკარგული აქვს საზოგადოების ნდობა, ხოლო უწყების დღევანდელ ხელმძღვანელობას არ აქვს ამ ნდობის დაბრუნების უნარი. ამ ვითარებაში, მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგეს თანამდებობიდან“,- აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ.
სასამართლოს განაჩენით, გ.ბ. რომელსაც ბრალი ედებოდა არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის, ასევე არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, ცნობილი იქნა დამნაშავედ მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში, ხოლო სრულად გამართლდა არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდში.

რაც შეეხება ბრალდებულ გ.ჯ. -ს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, გ.ჯ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.