„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - გოგა ხაინდრავა ეკა გიგაურის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას ცდილობს 
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - გოგა ხაინდრავა ეკა გიგაურის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას ცდილობს 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტი თეო ზაქარაშვილი გოგა ხაინდრავას განცხადებას, რომ ეკა გიგაურმა 7 ნოემბრის აქციის დარბევაში მონაწილეობისთვის პრემია 331 ადამიანს მისცა, სიცრუეს უწოდებს.

როგორც თეო ზაქარაშვილმა განაცხადა, გოგა ხაინდრავა აგრძელებს ეკა გიგაურის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობას.

„ეს არის მისი მხრიდან კიდევ ერთი პიარკამპანია, მისი მხრიდან კიდევ ერთი ცრუ ბრალდება. შესაბამისად, სწორედ ამ ცრუ ბრალდებების გამო, ვიჩივლეთ ჩვენ სასამართლოში. მიმდინარეობს დღეს სასამართლოში წარმოება და სასამართლო დაადგენს, რომ გოგა ხაინდრავა ისევე როგორც პირველ შემთხვევაში, ახლაც აგრძელებს სიცრუის გავრცელებას, აგრძელებს ეკა გიგაურის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას ცრუ ინფორმაციით გავრცელებით. სწორედ ამ საკითხების გასარკვევად ჩვენ მივალთ სასამართლოში. მთავარია, დღეს ჩვენ გვაქვს პროკურატურის პასუხი, რომ არც ეკა გიგაური და არც სასაზღვრო პოლიციის არც ერთი თანამშრომელი შვიდი ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით გამოძიებაში არ ფიგურირებს, რაც ვფიქრობთ, არის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ გოგა ხაინდრავა იტყუება”, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტმა.

რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ ეკა გიგაურმა 7 ნოემბრის აქციის დარბევაში მონაწილეობისთვის  პრემია არა მხოლოდ ბარისახოს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს გადასცა, არამედ 331 ადამიანს.