ანგარიშის თანახმად, საქართველო მაღალ შეფასებას იღებს მიღწევებისთვის, მაგრამ უნდა გამოასწოროს ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ხარვეზებიც
ანგარიშის თანახმად, საქართველო მაღალ შეფასებას იღებს მიღწევებისთვის, მაგრამ უნდა გამოასწოროს ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ხარვეზებიც

საქართველო იღებს მაღალ შეფასებას მიღწევებისთვის, მაგრამ ამავდროულად, უნდა გამოასწოროს ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ხარვეზები, – ამის შესახებ აღნიშნულია საერთაშორისო ექსპერტ მეგი ნიკოლსონის ანგარიშში, რომელიც ოთხწლიანი პროგრამის – „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და გაერო-ს წარმომადგენლებმა წარადგინეს.

საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტმა, მეგი ნიკოლსონმა, რომელიც საქართველოში ევროკავშირის (EU), გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატის (OHCHR) მოწვევით ჩამოვიდა, შეაფასა საქართველოს ექვსწლიანი გზა ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში.

მეგი ნიკოლსონის ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვის 2014-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების შეფასება. ასევე აღნიშნულია ქვეყნის მიღწევები კანონმდებლობისა და პოლიტიკის რეფორმების მიმართულებით, წარმოდგენილია რეკომენდაციები საკანონმდებლო მიღწევების პრაქტიკული განხორციელების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით კი, მოსამართლეთა და პროკურორთა დამოუკიდებლობის, მედიის მრავალფეროვნების, გამჭვირვალე და დემოკრატიული კანონშემოქმედებისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიმართულებით.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყანამ კანონმდებლობისა და პოლიტიკის რეფორმების მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. მის შეფასებაში აღნიშნული იყო ახალი საკანონმდებლო აქტების მიღება ისეთ სფეროებში, როგორიცაა დისკრიმინაციასთან ბრძოლა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, შრომის უსაფრთხოება, ბავშვთა უფლებები და მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა დაცვა.

ამავდროულად, საერთაშორისო ექსპერტმა წარადგინა რეკომენდაციების ნუსხა, რომელთა მიზანია საქართველოს ხელშეწყობა ამ საკანონმდებლო მიღწევების პრაქტიკულ განხორციელებაში ადამიანის უფლებების ყოველდღიური დაცვის უზრუნველსაყოფად.

ამასთან, პრიორიტეტებს შორის ჩამოთვლილი იყო მოსამართლეთა და პროკურორთა დამოუკიდებლობა, მედიის მრავალფეროვნების დაცვა, დისკრიმინაციასთან ბრძოლა და გამჭვირვალე, დემოკრატიული კანონშემოქმედების განვითარება.

საერთაშორისო ექსპერტის მეგი ნიკოლსონის მიერ მომზადებულმა შეფასებამ საქართველოს 2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ყველა ძირითადი სფერო მოიცვა.

შეფასება მომზადდა ევროკავშირისა და გაერო-ს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ფარგლებში, რომელიც გაერო-ს ოთხმა სააგენტომ განახორციელა – გაერო-ს განვითარების პროგრამამ (UNDP), ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარიატმა (OHCHR), გაერო-ს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO).

საერთაშორისო ექსპერტის მიერ მომზადებული ანგარიშის წარდგენის შემდეგ ოთხწლიანი პროგრამის შედეგები შეაჯამეს.

როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, „ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის ქვაკუთხედია“.

„ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოში ისეთი საზოგადოების მშენებლობას, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის კულტურას დაეფუძნება. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ადამიანის უფლებათა დაცვის მომავალი წლების სტრატეგიის შემუშავებაში“, – აღნიშნა ჰარცელმა.

ამასთან, საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის, ლუიზა ვინტონის განცხადებით, „ადამიანის უფლებების დაცვა სიტყვებთან ერთად საქმესაც მოითხოვს“.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მისასალმებელი ნაბიჯები გადადგა ქვეყნის ეროვნული სტრატეგიის თითქმის ყველა სფეროში, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მრავალი საკითხი კვლავ გადასაჭრელია. მიმდინარე სტრატეგიის პერიოდის დასრულებამდე ერთი წელი რჩება. დღეს გამოქვეყნებული საერთაშორისო შეფასება დროულ და სასარგებლო საგზაო რუკას სთავაზობს ქვეყანას ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში“, – განაცხადა ვინტონმა.

როგორც დღევანდელ ღონისძიებაზე აღნიშნეს, ევროკავშირისა და გაერო-ს ერთობლივმა პროგრამამ „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ხელი შეუწყო ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს სტრატეგიული დოკუმენტების განხორციელებასა და მონიტორინგს. ეს მოიცავდა 2014-2020 წლების ეროვნულ სტრატეგიასა და 2016-2017, 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმებს. ეროვნული სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმებით ასევე განისაზღვრა ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხები ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. მათ შორისაა უმცირესობათა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება, პერსონალური მონაცემებისა და კონფიდენციალურობის დაცვა და ბავშვთა უფლებების დაცვა. ევროკავშირისა და გაერო-ს სააგენტოები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ადამიანის უფლებათა დამცველ ინსტიტუტებთან. თანამშრომლობის მიზანი იყო ეროვნული შესაძლებლობების გაზრდა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ახალი კანონმდებლობის მიღება და არსებულის გაუმჯობესება, კანონშემოქმედებასა და სახელმწიფო უწყებების საქმიანობაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვა და ადამიანის უფლებების დაცვის კულტურის განვითარება საზოგადოებაში. ევროკავშირისა და გაერო-ს პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტი ასევე იყო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში არსებული ვითარების შესწავლა და მონიტორინგი.

ამასთან, 2017 და 2018 წლებში ჩატარდა ადამიანის უფლებების მიმართ საზოგადოებრივი დამოკიდებულების ორი თანმიმდევრული კვლევა, ხოლო 2017 და 2019 წლებში გამოქვეყნდა მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის, მეგი ნიკოლსონის დამოუკიდებელი ანგარიშები.