საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე
საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე

ველომარათონი სახელწოდებით „დღე ავტომობილების გარეშე“ ევროპის 2676 ქალაქში გაიმართა. აქციას საქართველოს დედაქალაქიც შეუერთდა. ველომარათონმა სტარტი დილის ათ საათზე ვაკის პარკთან აიღო და რესპუბლიკის მოედანზე დასრუოლდა. ღონისძიება სიმბოლური იყო და გამარჯვებული არ გამოვლენილა. ღონისძიება ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ინიციატივით ჩატარდა.ველომრბოლელებისთვის სპეციალურად მოწყობილი სიმბოლური მონაკვეთი, რომელიც საპატრულო პოლიციას ჰქონდა გადაკეტილი, ქალაქის მერმა კახა კალაძემ და ცნობილმა ავტომრბოლელებმა – მევლუდ მელაძემ და დათა ქაჯაიამაც დაფარეს. მარათონში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

კახა კალაძე, თბილისის მერი: „დღეს არის საერთაშორისო დღე – „დღე ავტომობილების გარეშე“, რომელსაც თბილისიც შეუერთდა, თუმცა სამწუხაროდ დღეს ჩვენს დედაქალაქში მაინც ბევრი ავტომობილი შეინიშნება. ჩვენთან ეს თემა ჯერ პოპულარული არ არის, თუმცა მარათონში მონაწილეობა ბევრმა ახალგაზრდამ მიიღო, რაც ძალიან კარგია. ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ერთ-ერთი მიმართულება. ამ კუთხით ჩვენ არაერთი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. რაც შეეხება ველობილიკებს, საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ვცდილობთ ველობილიკების პროექტიც გათვალისწინებული იყოს, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება. კოსტავას და შარტავას ქუჩები არის ნათელი მაგალითი, სადაც მონტაჟდება ველობილიკები, რომელიც პეკინის ქუჩას დაუკავშირდება და ერთი ძალიან დიდი სივრცე გამოვა“.