საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაძვირების მიუხედავად, იანვარში საქართველოში საწვავი გაიაფდა
საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაძვირების მიუხედავად, იანვარში საქართველოში საწვავი გაიაფდა

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაძვირების მიუხედავად, იანვარში საქართველოში საწვავი გაიაფდა – ამის შესახებ განცხადებას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს და ამ ფაქტს დოლარის მიმართ ლარის პოზიციების გამყარებით ხსნის.

“უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო თვეებში ფიქსირდებოდა ნავთობის სტაბილურად მაღალი ფასები, რაც ძირითადად განპირობებული იყო „OPEC +“-ის წევრთა მიერ ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების გაგრძელებითა და მისი პირობების მკაცრად შესრულებით”, – აცხადებს ორგანიზაცია და აღნიშნავს, რომ ნავთობის მოპოვების შემცირება ცხრა თვით გაგრძელდა, 2018 წლის ბოლოდე. 


“რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი, ბოლო 2 დღის განმავლობაში ნავთობის ფასის კლების კვალდაკვალ მცირდება. თუმცა მთლიანობაში იანვრის თვეში ბენზინის საერთაშორისო ფასი გაზრდილია დაახლოებით 32$-ით ტონაზე და დღეისათვის შეადგენს 654,25 დოლარს ტონაზე; ხოლო დიზელის საერთაშორისო ფასი გაზრდილია დაახლოებით 21$-ით და დღეისათვის შეადგენს 607,25 დოლარს ტონაზე. რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, იანვრის თვეში მოხდა საწვავის ფასის კლება ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 2-5 თეთრით ლიტრაზე. ნავთობის ფასისა და S&P Global Platts-ის მიხედვით ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასის მატების მიუხედავად, საცალო ქსელში საწვავის ფასის სტაბილურობა ძირითადად განპირობებულია ლარის გამყარებით დოლართან მიმართებაში, ვინაიდან საწვავის ფასის ფორმირებაზე საცალო ქსელში საერთაშორისო ფასთან ერთად, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ასევე საქართველოს ეროვნული ვალუტის -ლარის გაცვლითი კურსიც”. – აღნიშნულია განცხადებაში.


დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარის ტიპის ბენზინი – 2,19-2,32 ლარი ლიტრზე (კლება მიმდინარე თვეში 2-4 თეთრით ლიტრზე),
პრემიუმი ტიპის ბენზინი – 2,29-2,44 ლარი ლიტრზე (კლება 2-5 თეთრით ლიტრზე)
სუპერი ტიპის ბენზინი – 2,39-2,54 ლარი ლიტრზე (კლება 2-5 თეთრით ლიტრზე)
ევრო დიზელის საწვავი – 2,29-2,42 ლარი ლიტრზე (კლება 2-5 თეთრით ლიტრზე).