საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში ზაპოროჟიეში ჩავა
საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში ზაპოროჟიეში ჩავა

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში ზაპოროჟიეში ჩავა. „ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ რაფაელ გროსიმ მათთან ინტერვიუში განაცხადა.

გროსის თქმით, ის პირადად უხელმძღვანელებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ინსპექტორთა მისიას, რომელიც უკრაინაში უახლოეს დღეებში ჩავა.

სააგენტოს დირექტორს არ დაუკონკრეტებია, რომელი გზით ჩავა ზაპოროჟიეში, უკრაინისა თუ რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებით, თუმცა აღნიშნა, რომ შექმნილი გადაუდებელი ვითარების გამო, ტერიტორიული ასპექტები გვერდზე უნდა გადაიდოს.

გროსიმ განაცხადა, რომ მის გუნდს სურს, გამოიკვლიოს, დაირღვა თუ არა სადგურის მთლიანობა, მუშაობს თუ არა უსაფრთხოების სისტემა და სადგურის ელექტრომომარაგება. მისივე თქმით, ინსპექტორებს სურთ, გაესაუბრონ სადგურზე მყოფ როგორც უკრაინელ, ისე რუს პერსონალს.