საელჩოს ინფორმაციით, ნიდერლანდებში საქართველოდან ჩასვლა ვაქცინირებულ ტურისტებს შეეძლებათ
საელჩოს ინფორმაციით, ნიდერლანდებში საქართველოდან ჩასვლა ვაქცინირებულ ტურისტებს შეეძლებათ

ნიდერლანდებში საქართველოს საელჩო ტურისტული მიზნით ნიდერლანდებში შესვლასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩოში აცხადებენ, რომ პირველი ივლისიდან ადამიანებს ნიდერლანდებში შესვლის უფლება სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის საფუძველზე ექნებათ.

„გაცნობებთ, რომ პირველი ივლისიდან ნიდერლანდების მთავრობამ გააუქმა ქვეყანაში (ტურისტული მიზნით) შესვლის აკრძალვა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წარადგენენ სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს/ცნობას, მათ შორის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მიერ გაცემულ სერტიფიკატსაც/ცნობასაც. ასეთი სერტიფიკატის/ცნობის მქონე პირი ნიდერლანდებში ვერ შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი მიემგზავრება ძალიან მაღალი რისკის (წითელი კოდი) ქვეყნიდან.

რადგან საქართველო ამ ეტაპზე არის მაღალი (და არა ძალიან მაღალი) რისკის (ნარინჯისფერი კოდი) ქვეყანა, ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით შესვლა შეეძლება საქართველოდან მიმავალ პირს, რომელიც წარადგენს სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს/ცნობას, და რომელიც უნდა შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

პირის სრული სახელი; ვირუსი: SARS-CoV-2 ან მისი ნებისმიერი ვარიაცია; ვაქცინა, რომელიც ავტორიზებულია მედიკამენტის ევროპული სააგენტოს (EMA) ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ (ნიდერლანდების მთავრობის ინფორმაციით, ასეთ ვაქცინებში იგულისხმება შემდეგი ვაქცინები: Pfizer/BioNTech (Comirnaty), Astra Zeneca EU (Vaxzevria), Johnson & Johnson ((COVID-19 Vaccine) Janssen), Moderna (Spikevax), Astra Zeneca-SK Bio (Vaxzevria), Serum Institute of India (Covishield), Sinopharm BIBP, Sinovac);

ვაქცინის მწარმოებელი;  თითოეული დოზის გაკეთების თარიღი;  ქვეყანა (მათ შორის, ევროკავშირის არაწევრიც), სადაც გაკეთდა ვაქცინა; ცნობის/სერტიფიკატის გამცემი; ენა: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, პორტუგალიური, იტალიური ან ესპანური;  ცნობის/სერტიფიკატის გამცემის ხელმოწერა ან ბეჭედი;

ამასთან, სრულად ვაქცინირებულად ითვლება პირი, რომელმაც გაიკეთა იმ ვაქცინის ორი დოზა, რომელიც მოითხოვს ორ დოზას;  გაიკეთა იმ ვაქცინის ერთი დოზა, რომელიც მოითხოვს ერთ დოზას ან მას შემდეგ, რაც დაინფიცირდა SARS-CoV-2-ით, გაიკეთა იმ ვაქცინის ერთი დოზა, რომელიც მოითხოვს ორ დოზას;

ასევე, სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის/ცნობის წარდგენის შემთხვევაში, საჭირო აღარ არის „პისიარ“-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ინფორმაციაში შეიძლება შევიდეს ცვლილებები და შეიცვალოს ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით შესვლის რეგულაციები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.