საძიებო ოპერაციის ხელმძღვანელი - სალას ოჯახმა ფეხბურთელის სიკვდილი დაიჯერა, მაგრამ ცხედრის პოვნა სურს
საძიებო ოპერაციის ხელმძღვანელი - სალას ოჯახმა ფეხბურთელის სიკვდილი დაიჯერა, მაგრამ ცხედრის პოვნა სურს

ნანტიდან კარდიფში მგზავრობისას ლა მანშის სრუტეში დაკარგული ემილიანო სალას ოჯახი ფეხბურთელის დაღუპვის ფაქტს შეეგუა, – ამის შესახებ საძიებო ოპერაციის ხელმძღვანელმა დევიდ მირნსმა განაცხადა, რომლის კომპანიამაც აღმოაჩინა იმ თვითმფრინავის ნაწილები, რომლითაც სალა დიდ ბრიტანეთში მიფრინავდა.

„ოჯახს უკვე ესმის, რომ სალა და პილოტი იბოტსონი გარდაცვლილი არიან. მათ, უბრალოდ, სურთ ახლობელი ადამიანის ცხედარის პოვნა. მათთვის ახლა ეს ყველაზე მნიშვნელოვანია”, – განაცხადა მირნსმა, რომელმაც თვითმფრინავის აღმოჩენის შემდეგ, საძიებო ოპერაცია ბრიტანეთის მთავრობას გადააბარა.

ძლიერი დინების გამო თვითმფრინავის ნაწილები დღემდე არ არის ამოღებული წყლიდან.

21 იანვარს, სალა ნანტში თავის ყოფილ თანაგუნდელებს გამოეთხოვა და საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში გაფრინდა. ამისთვის მან კერძო თვითმფრინავი დაიქირავა. აფრენიდან გარკვეული დროის შემდეგ, ნორმანდიის კუნძულების რაიონში, საფრენი აპარატი რადარებიდან გაქრა.