სადისტებს მიკროფონით გამოსვლის უფლებას ნუ აძლევთ - დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ [ვიდეო]

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები დიმიტრი ცქიტიშვილი და გიგა ბოკერია ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდნენ. სხდომაზე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძესა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას უსმენენ.

„ევროპულმა საქართველომ“ მოითხოვა, რომ კომიტეტის სხდომა არ დაიხუროს და აბაშიძემ დეპუტატების კითხვებს პასუხები საჯაროდ გასცეს.

დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მანდატურის სამსახურმა განმუხტა.

მოგვიანებით, საკუთარი პოზიცია ჟურნალისტებთან დიმიტრი ცქიტიშვილმა დააფიქსირა.

„დავა ელემენტარულ საკითხებზეა, საუბარი შინაარსის განხილვაზეც არ ყოფილა. კონფლიქტების განხილვაზე ვსაუბრობთ. საფრთხილო თემაა, ასეთი საკითხები დახურულ ფორმატში უნდა განვიხილოთ, რადგან ღია რეჟიმში შეიხლება მოხდეს ისეთი ნიუანსების გაჟღერება, რაც სასურველი არ არის. ოკუპანტმა, მტერმა შესაძლოა ინფორმაცია მიიღოს. საუბარი არის ხოლმე პროცედურულ ნიუანსებზე, ელემენტარულ ზრდილობაზე, რასაც ოპონენტები არ იცავენ. ცდილობენ ორ ხმაში ისაუბრონ, შოუდ გადააქციონ განხილვა. საბედნიეროდ, ხელის გაწევამდე არ მივსულვართ“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ოპონენტებს დისკუსიის ატანა უჭირთ.

„გაუზრდელი, სულელი. ჩვენს ოპონენტებს დისკუსიის ატანა უჭირთ. როცა ხედავენ, რომ სუსტი პოზიცია აქვთ, კარგავენ თავშეკავებას. ცქიტიშვილი უმრავლესობაშია და ამ პროცესს ვერ იტანს, უმცირესობაში რომ იყოს, გაქრებოდა“,- აღნიშნა ბოკერიამ.

დღევანდელ სხდომაზე გიგა ბოკერია ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ გააკრიტიკა.

„პარლამენტის სხდომაზე გიგა ბოკერია საერთოდ არ უნდა იჯდეს. მანდატი უნდა დაატოვებინოთ. ლექციებს გვიკითხავს დემოკრატიაზე, ეს სადისტი. სადისტებს მიკროფონით გამოსვლის უფლებას ნუ აძლევთ. ბოკერიას სიტყვით გამოსვლის უფლება ხუთჯერ მიეცით“,- აღნიშნა მარშანიამ.

ამასთან, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერ კითხვას უპასუხოს. მისივე თქმით, კარასინი-აბაშიძის ფორმატში დასამალი არაფერია.

„მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო. არავითარი მალული დღის წესრიგი არ არსებობს. ეს არის გამჭვირვალე ფორმატი. ამ ფორმატის თაობაზე 15 უწყებას, მათ შორის პარლამენტს, ვუგზავნი ყველა შეხვედრის შემდეგ ამომწურავ ინფორმაციას. ყველას ვუყვებით, რა ხდებოდა. არანაირი მალული ინფორმაცია არ არის კარასინი-აბაშიძის ფორმატში“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომიტეტის სხდომა ამ წუთებში დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.