სადირ ჟაპაროვი - საქართველოს პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში ისტორიული მოვლენაა, განვიხილეთ ორმხრივი უმნიშვნელოვანესი საკითხები, საქართველო ყირგიზეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია
მინდა, გამოვხატო მადლიერება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიმართ ჩემი მოწვევის მიღებისა და ყირგიზეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისთვის, მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში არის ისტორიული მოვლენა, – ამის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სადირ ჟაპაროვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ურთიერთნდობასა და ხანგრძლივ თანამშრომლობას ეფუძნება და მნიშვნელოვანია რეგულარული პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნება.
„საქართველო ყირგიზეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ხოლო ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება ურთიერთნდობას, ურთიერთპატივისცემასა და ხანგრძლივ თანამშრომლობას. მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში არის ისტორიული მოვლენა. მართლაც, ყირგიზულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების 34-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში ჩვენი ქართველი მეგობრების მხრიდან ასეთ მაღალ დონეზე. დღევანდელი მოლაპარაკებები ღია მეგობრულ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა.
ამომწურავად განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხები, როგორებიცაა პოლიტიკური დიალოგი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საინვესტიციო და დარგობრივი თანამშრომლობა, ასევე კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარება. პოლიტიკური ურთიერთობები მტკიცე და ნდობაზე დაფუძნებული იყო ჩვენს სახელმწიფოებს შორის და ეს არის მართლაც ძლიერი საფუძველი ყველა სფეროში თანამშრომლობისთვის. ამ კონტექსტში ჩვენ ხაზს ვუსვამთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეგულარული პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნება, მთავრობათაშორისი და პარლამენტთაშორისი კონტაქტების გაღრმავება, ასევე კონსულტაციების გაფართოება ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის“, – აღნიშნა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.