სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა, მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები
თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებისა და საპოლიციო ძალების მობილიზება.
ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს მოქალაქეების ევაკუაცია.
მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.