სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება
სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება

სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კერძოდ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები.

ამასთან, ღიბრაძის თქმით, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება.

გარდა ამისა, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა პირველ მაისს, გამონაკლისის სახით, 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება და 2 მაისის 04:00 საათამდე გაგრძელდება.

„ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი. ამასთან, გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, იმოქმედებს პირველი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე“, – აღნიშნა ღიბრაძემ.