სადაზღვეო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა
სადაზღვეო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა

სადაზღვეო კომპანიების სავალდებულო საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის ზრდის მოთხოვნა გადავადდა . ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციიაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრას ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე უძღვებოდა. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს აღნიშნულ საკითხზე მთავრობის მოსაზრება პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა გააცნო.

მიმდინარე წლის ბოლოს დაგეგმილი ცვლილების თანახმად, სადაზღვევო კომპანიების საწესდებო კაპიტალის მინიმალური სავალდებულო ოდენობა 4.2 მლნ. ლარიდან 7.2 მლნ. ლარამდე უნდა გაზრდილიყო. აღნიშნული ცვლილების მიზანი იყო სადაზღვევო კომპანიების ფინანსური სტაბილურობის ზრდა.

15-მდე სადაზღვეო კომპანიამ ზედამხედველობის სამსახურს მიმართა თხოვნით, ცვლილების ძალაში შესვლის გადავადების შესახებ.

როგორც ცნობილია, წარმოდგენილი ცვლილება მიბმული იყო მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღებასთან, რაც სექტორში ბუნებრივად გაზრდიდა ბრუნვას, თუმცა აღნიშნული ცვლილება ძალაში არ შესულა. შესაბამისად, სადაზღვეო ინდუსტრიას დამატებითი შემოსავალი არ მიუღია.

ასევე, გასათვალისწინებელია, პანდემიით გამოწვეული სირთულეები, რომელმაც სადაზღვეო კომპანიების ნაწილს ფინანსური პრობლემები შეუქმნა. შესაბამისად, სადაზღვეო სექტორში მოქმედი ბიზნეს ოპერატორები იძულებული არიან, ფინანსური რესურსების რეინვესტირება მოახდინონ კომპანიებში.

„პანდემიით გამოწვეული ფინანსური სირთულეების გამო, სადაზღვეო კომპანიებს, ისევე როგორც სხვა ბიზნეს სექტორებს სჭირდებათ მხარდაჭერა და თანადგომა. მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნის გადავადება არის სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც დაეხმარება კომპანიებს ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში“, – განაცხადა, ასოციაციის პრეზიდენტმა.

ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

დატოვე კომენტარი