სადავო უძრავი ქონების სანაცვლოდ, ეკონომიკის სამინისტრო როლანდ ბლადაძეს 252 კვ.მ. ფართს გადასცემს
როლანდ ბლადაძეს ეკონომიკის სამინისტრო ჟვანიას ქუჩაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსში, მეთორმეტე სართულზე 252 კვადრატული მეტრის ფართს გადასცემს. მორიგების აქტი ბლადაძესა და ეკონომიკის სამინისტროს შორის დღეს გაფორმდა.
ამას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი დავა უზენაეს სასამართლოში, სადაც როლანდ ბლადაძე ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას მოითხოვდა.
დღეს გადაწყვეტილების გამოცხადება უზენაეს სასამართლოში 12 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადების დრომ 18:00 საათამდე გადაიწია. მანამდე მოსამართლეთა კოლეგიამ მხარეებს მორიგება კიდევ ერთხელ შესთავაზა.
დავის საგანი ბათუმში არსებული უძრავი ქონებაა, რომელიც ბლადაძის თქმით, 2004 წელს უკანონოდ ჩამოართვეს და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს გადასცეს. როლანდ ბლადაძეს საცხოვრებელი სახლი 2004 წელს მას შემდეგ ჩამოართვეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ბრალი წაუყენეს.