სადავო რეფორმის გამო, პოლონეთს შესაძლოა, ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან ეჭვმიტანილების ექსტრადიციის უფლება არ მისცენ
სადავო რეფორმის გამო, პოლონეთს შესაძლოა, ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან ეჭვმიტანილების ექსტრადიციის უფლება არ მისცენ

მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ პოლონეთში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. ლუქსემბურგის სასამართლომ შესაძლოა, სადავო რეფორმის გამო ოფიციალურ ვარშავას ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან ეჭვმიტანილების ექსტრადიციის ნება არ მისცეს. ასეთი ვერდიქტი გამოიტანეს დღეს ლუქსემბურგში.

ევროპულ გაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ პოლონეთში იუსტიციის სისტემის რეფორმირება დამოუკიდებელი სასამართლოს პრინციპებს ეწინააღმდეგება.

პოლონეთის მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობა“ ქვეყანაში არსებული იუსტიციის სისტემის რეფორმას ახორციელებს, რომლის საფუძველზეც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დიდ ნაწილს პოსტის დატოვება უწევს. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, ცვლილებები ქვეყნისთვის აუცილებელია, რადგან უზენაეს სასამართლოში ზოგ მოსამართლეს პოსტი კომუნისტური რეჟიმის შემდეგ უკავია.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ევროკავშირს. გაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული რეფორმა თავისუფალი სასამართლოს პრინციპებს ეწინააღმდეგება. სადავო რეფორმასთან დაკავშირებით ევროკომისია გამოძიებასაც აწარმოებს. იმ შემთხვევაში, თუ კანონდარღვევა დაფიქსირდება, პოლონეთი მილიარდობით ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას დაკარგავს.