ისნის გამგეობას ამ დროისთვის დახმარების თხოვნით სპეცოპერაციისას დაზარალებულმა რვა ოჯახმა მიმართა
ისნის გამგეობას ამ დროისთვის დახმარების თხოვნით სპეცოპერაციისას დაზარალებულმა რვა ოჯახმა მიმართა

ამ დროისთვის ისნის გამგეობას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თხოვნით ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მცხოვრებმა რვა ოჯახმა მიმართა, – ამის შესახებ პირველ არხს ისნის გამგეობის პრესსამსახურში განუცხადეს.

ისნის გამგეობამ რვა ოჯახიდან სამი დროებითი საცხოვრებელი ფართით უკვე უზრუნველყო. ხუთი ოჯახის მოთხოვნის დაკმაყოფილება კი მათი ბინების დათვალიერების შემდეგ მოხდება. იმ შემთხვევაში, თუ ამ ხუთი ოჯახის კუთვნილი ბინა საცხოვრებლად ვარგისი არ იქნება, მერია მათ დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს.

რა ზარალი მიადგა ისნის რაიონს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, უახლოეს მომავალში გაირკვევა. ისნის გამგეობამ ზარალის დათვლა გუშინ ღამით დაიწყო.

კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია თითქმის 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 72 ოჯახი ცხოვრობს.

ისნის გამგებელი მედიისთვის განცხადების გაკეთებას 11:00 საათისთვის გეგმავს.