საცხოვრებელ კორპუსს, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, მდგრადობაზე ექსპერტიზა ჩაუტარდება
საცხოვრებელ კორპუსს, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, მდგრადობაზე ექსპერტიზა ჩაუტარდება

სანამ საცხოვრებელ კორპუსს, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, სრულფასოვან ექსპერტიზას არ ჩავუტარებთ, ხალხს ვერ შევასახლებთ,  – ამის შესახებ ისნის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კორპუსს ავარიული სტატუსი ისედაც ჰქონდა. ამ დროისთვის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ, მოგვიანებით კი შენობის დასუფთავება და ექსპერტიზის სრული ანალიზი მოხდება. ლაბუჩიძის ვარაუდით, ამას რამდენიმე დღე დასჭირდება.

„რაც გარედან ჩანს, ხედავთ, რომ მეოთხე სართულის ზემოთ ხალხის დაბრუნების პრობლემა არ არის, უბრალოდ ჩვენ ამის ნებართვა როგორც კრიმინალისტებმა, ასევე ტექნიკურმა ექსპერტებმა უნდა დაგვრთონ. მომართვა რვა ოჯახიდან გვაქვს, სადაც ხანძარი იყო. გუშინ სამი ოჯახი მივიღეთ. დღეს თუ მათ სასტუმროში გადაყვანის სურვილი ექნებათ, სასტუმროში გადავიყვანთ რამდენიმე დღით,  შემდეგ ყველას ვუქირავებთ და ქირით გავიყვანთ. ამ სადარბაზოში 25-26 ოჯახი ცხოვრობს. ზარალის ოდენობაზე ლაპარაკი ძალიან ნაადრევია. რვა ბინაა დაზიანებული. ერთი სადარბაზოს სამი სართული და გვერდით სადარბაზოდან ერთი ბინა. მათი დათვალიერება სრულფასოვნად ჯერ ვერ მოვახდინეთ“,- აღნიშნა გამგებელმა.