საჩოგბურთო სეზონი გრიგორ დიმიტროვის ტრიუმფით დასრულდა
საჩოგბურთო სეზონი გრიგორ დიმიტროვის ტრიუმფით დასრულდა

ლონდონში დასრულდა ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი და შესაბამისად, დასრულდა პროფესიული ტურის სეზონი. 2017 წლის ბოლო პრიზი ბულგარელმა გრიგორ დიმიტროვმა და ბელგიელმა დავიდ გოფენმა გაითამაშეს. ორივენი ტურნირის დებიუტანტები იყვნენ და აქედან გამომდინარე, რომელიმე პირველად მოიგებდა წლის დასკვნით ტურნირს.
დიმიტროვმა ფინალამდე ყველა შეხვედრა მოიგო, მათ შორის, ჯგუფურ ეტაპზე სწორედ გოფენი გაანადგურა – 6:0, 6:2. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტ მატჩამდე გოფენმა ორი ლეგენდის – რაფაელ ნადალისა და როჯერ ფედერერის დამარცხება მოახერხა, რაც ისტორიაში მეშვიდედ მოხდა.

ფინალის პირველ სეტში ორივე ჩოგბურთელი საკუთარ მოწოდებაზე ცუდად თამაშობდა. თავდაპირველად გოფენი გავიდა წინ – 3:1, თუმცა, დიმიტროვმა მერვე გეიმში ანგარიში გაათანაბრა, მე-12 გეიმში კი მეხუთე სეტბოლი გამოიყენა და 7:5 მოიგო.

მეორე სეტში ჩოგბურთელებმა დაალაგეს თამაში საკუთარ მოწოდებაზე: მათ თითო ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავეს. დიმიტროვმა ვერ გამოიყენა ეს შანსი, გოფენმა კი შეძლო ამის გაკეთება და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

დაინიშნა მესამე პარტია, რომელშიც ისევ ბევრი იყო ბრეიკ-პოინტები. მაგალითად, პირველ გეიმში გოფენმა ოთხი ასეთი შანსი გაანიავა, სამაგიეროდ, დიმიტროვმა მეექვსე გეიმში აიღო ბრეიკი და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. გოფენმა ბოლოს გაიბრძოლა, ოთხი მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ ბულგარელმა მეხუთე ცდაზე შეძლო წლის დასკვნითი ტურნირის მოგება. 2 საათი და 32 წუთის შემდეგ, ასეთი ანგარიში დაფიქსირდა – 7:5, 4:6, 6:3.

ამ მოგებით, დიმიტროვი მესამე ადგილზე გადაინაცვლებს რეიტინგში, რაც მისი კარიერის რეკორდია. გოფენს კი რჩება 2017 წელს ერთი დიდი ტურნირის მოგების შანსი – მომავალი კვირის ბოლოს, ბელგიის ნაკრებთან ერთად, ის დევისის თასის ფინალში ითამაშებს საფრანგეთის წინააღმდეგ.