საჩხერის სოფლებში, პერევსა და ჯრიაში ჰუმანიტარული აქცია გაიმართა
საჩხერის სოფლებში, პერევსა და ჯრიაში ჰუმანიტარული აქცია გაიმართა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში, პერევსა და ჯრიაში მორიგი ჰუმანიტარული აქცია გაიმართა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ, ქალაქ ფრანკფურტის აღმოსავლეთ ევროპულ–გერმანული ასოციაციის პრეზიდენტმა ეკონომიკისა და კულტურის დარგში, ნინო ყამბეგაშვილმა და საჩხერის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯარო სკოლებში მოსწავლეებს სასკოლო ნივთები და ტანსაცმელი გადასცეს საჩუქრად. ასევე, აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცები მოინახულეს და მათ პროდუქტი ჩაუტანეს.

„ჩვენი ეგიდით და საზოგადოების ჩართულობით იმერეთში არაერთი ჰუმანიტარული აქცია გვაქვს განხორციელებული. მათ შორის, ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში პერიოდულად ვმართავთ სამედიცინო და სოციალურ აქციებს. თითოეული ჩვენგანის თანამონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით დაგვიდგა. მართალია, ეს მცირედია, თუმცა ყურადღება ნებისმიერი ადამიანისთვის არის სასიამოვნო. დღევანდელი აქცია კიდევ ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ სახელმწიფოსთან ერთად მზად არიან გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტები, გაინაწილონ სოციალური პასუხისმგებლობა და დაეხმარონ საქართველოში მცხოვრებ შეჭირვებულ ადამიანებს“, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას შავლეგო ტაბატაძემ.