საჩხერის რამდენიმე სოფელში სეტყვის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ხვალიდან შეისწავლის
საჩხერის რამდენიმე სოფელში სეტყვის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ხვალიდან შეისწავლის

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სტიქიის შედეგად დაზარალებულ საჩხერის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობა.

როგორც ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, უხვი ნალექის შედეგად მუნიციპალიტეტში მთის რამდენიმე მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, დააზიანა საავტომობილო გზები და სავარგულები.

მისივე თქმით, სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის.

„საჩხერეში უხვი ნალექის შედეგად ადიდდა მთის რამდენიმე მდინარე, გადმოვიდა კალაპოტიდან, დაზიანდა საავტომობილო გზები,  რამდენიმე სოფელში დაზიანდა გაბიონები, რამდენიმე ადგილზე სავარგულებში შევიდა წყალი. ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია, თუ რა ზიანზე შეიძლება იყოს საუბარი. ხვალიდან კომისია, რომელიც შეიქმნება მუნიციპალიტეტში, დაადგენს ზიანის ოდენობას მუნიციპალიტეტის მასშტაბით და გვეცოდინება კონკრეტულად, რა ზიანი მიაყენა სტიქიამ საჩხერის მოსახლეობას“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

საჩხერის მუნიციპალიტეტში სეტყვამ ჭალოვანის, ჭალის, კორბოულის და მერჯევის თემის სოფლები დააზარალა.