საჩხერეში „მეტადონით“ ჩანაცვლებითი თერაპიის კაბინეტი გაიხსნა
საჩხერეში „მეტადონით“ ჩანაცვლებითი თერაპიის კაბინეტი გაიხსნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელთან ლაშა კილაძესთან ერთად საჩხერეში „მეტადონით“ ჩანაცვლებითი თერაპიის კაბინეტი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი უკვე წლებია, წარმატებით ახორციელებს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამას, რაც ითვალისწინებს წამალდამოკიდებული პაციენტების მკურნალობას განსხვავებული მეთოდით, და გულისხმობს ე.წ. აგონისტებით მხარდამჭერ თერაპიას, შედარებით ხანგრძლივი ვადით პაციენტისათვის ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების მიცემას.

მინისტრის მოადგილის თქმით, საჩხერის კაბინეტის გახსნა მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კუთხით პროგრამის ბენეფიციართა რესოციალიზაციისთვის, პროგრამაში ჩართული პირებისათვის.

„მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი ინიციატივა, რადგან ამით უმჯობესდება ბენეფიციართათვის სერვისზე ხელმისაწვდომობა ადგილობრივ დონეზე. ამ ეტაპზე დაუყოვნებლივ 50-მდე ბენეფიციარს მოემსახურება ცენტრი. სერვისის მისაღებად ყოველდღიურად ქუთაისისა და ზესტაფონის კაბინეტებში უწევდათ ვიზიტი და შესაბამისად, ეს ხელს უშლიდა მათ დასაქმებასა და საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართვას“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

დღესდღეობით, აგონისტებით მხარდამჭერი თერაპია ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირთა მკურნალობის, დეკრიმინალიზაციის, სოციალური ინტეგრაციისა და „ქუჩის ნარკოტიკების“ მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების ყველაზე ეფექტიან საშუალებად არის მიჩნეული. ამ პროგრამების ფართოდ გავრცელებას განსაკუთრებული ბიძგი მისცა აივ/შიდსის ეპიდემიამ, ვინაიდან აღნიშნული მკურნალობა ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირებში ინექციური გზით აივ/შიდსისა და ჰეპატიტების გავრცელების შეზღუდვის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა.

კაბინეტს პირველ ეტაპზე ექიმი-ნარკოლოგი, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი მოემსახურება. ეს არის მხარდაჭერა ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირთათვის, რაც საშუალებას აძლევს მათ გაიუმჯობესონ ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, უარი თქვან კრიმინალურ ცხოვრებაზე, ეფექტურად ისწავლონ, იმუშაონ, გახდნენ საკუთარი ოჯახისა თუ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩანაცვლებითი თერაპიის 19 განყოფილება (მათ შორის 2 პენიტენციალურ დაწესებულებაში) და 2 კაბინეტი აქვს, სადაც ბენეფიციარები ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ მედიკამენტს, სამედიცინო პერსონალის უშუალო კონტროლის ქვეშ, რაც მაქსიმალურად გამორიცხავს „მეტადონის“ სამედიცინო დაწესებულებიდან „შავ ბაზარზე“ გადინებას.

საჩხერეში „მეტადონით“ ჩანაცვლებითი თერაპიის კაბინეტის გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.