საბურთალოზე, „სითი მოლში“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების პარალელურად, სასულიერო პირებმა პარაკლისი აღავლინეს
საბურთალოზე, „სითი მოლში“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების პარალელურად, სასულიერო პირებმა პარაკლისი აღავლინეს

საბურთალოზე, „სითი მოლთან“, სადაც კინოთეატრ „კავეაში“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება მიმდინარეობს, სასულიერო პირებმა წმ. გიორგის პარაკლისი აღავლინეს. დეკანოზ დავით ლასურაშვილის განცხადებით, „სითი მოლთან“ შეკრებილები უპირველესად ღმერთს სთხოვენ, რომ საზოგადოება გამოფხიზლდეს. ამასთან, მოქალაქეებს კინოთეატრთან დგომით საკუთარ პოზიციას აჩვენებენ.

„ეს არის პროტესტი იმის წინააღმდეგ, რაც აქ ხდება. ეს ყველაფერი ძირითადად ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებული უცხოური საელჩოების პატრონაჟით მოქმედი ორგანიზაციების ხდება. ესენი არიან არასამთავრობოები თუ სხვა ორგანიზაციები. ასევე, დიდი ნაწილი მასმედიისა. ზუსტად ეს ადამიანები არიან მოწოდებულნი იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის ტრადიციები დაგვარღვევინონ, რომ ხელი შეუწყონ ამ ქვეყანაში მოქმედი ეკლესიის ტრადიციების დარღვევას. ის, რომ მაინც არაფერი არ იცვლება და ჩვენ ვიყოთ ჩუმად, არის ე.წ. დასავლური ცნობიერების ანასხლეტი. არა, ბატონო, ჩვენ ამით პირველ რიგში ღმერთს ვუჩვენებთ, რომ ეს ბიბლიური ჭეშმარიტების დარღვევაა და ჩვენ ამის წინააღმდეგნი ვართ“, – აღნიშნა დეკანოზმა მედიასთან საუბრისას.

მეორე დღეა, თბილისსა და ბათუმში კინოთეატრებთან მოქალაქეების ნაწილი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებს.