საბურთალოს რაიონში, კორტების ყოფილ ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის მოწყობის მიზნით თბილისის მერია მიწის ნაკვეთს აუქციონზე ყიდის
საბურთალოს რაიონში, კორტების ყოფილ ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის მოწყობის მიზნით თბილისის მერია მიწის ნაკვეთს აუქციონზე ყიდის

თბილისში, საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებულ, კორტების ყოფილ ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია წინა ხელისუფლებამ გაასხვისა და ინვესტორი ადგილზე კორპუსის მშენებლობას გეგმავდა. თუმცა თბილისის მუნიციპალიტეტმა ადგილმონაცვლეობის შესახებ მოლაპარაკებების შედეგად, ტერიტორია დაიბრუნა და მასზე სპორტული კომპლექსის აშენების მიზნით აუქციონს აცხადებს.

„წინა ხელისუფლებამ 2009 წელს კიდევ ერთი სამარცხვინო აქტი ჩაიდინა და საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებული, ყოფილი კორტების ტერიტორია გაასხვისა. იქ დაგეგმილი იყო კორპუსების მშენებლობა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ქალაქი ეწინააღმდეგებოდა, პრივატიზება შედგა და ტერიტორია კერძო ინვესტორის ხელში აღმოჩნდა. როდესაც მოვედით თბილისის მერიაში, პირობა მივეცი თბილისელებს, რომ სპორტული მოედნების ადგილზე არ აშენდება კორპუსები. ამასთან, თავად ადგილობრივმა მოსახლეობამაც არაერთხელ გამოხატა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკმაყოფილება. ინვესტორი მოითხოვდა კორპუსის მშენებლობის ნებართვას, რაც მიუღებელი იყო პირადად ჩემთვის და მთლიანად დედაქალაქის მოსახლეობისთვის, პირველ რიგში კი, იქ მცხოვრებლებისთვის. დავიწყეთ მოლაპარაკებები ადგილმონაცვლეობის შესახებ, რომელიც წარმატებით დავასრულეთ და ამჟამად, აღნიშნული ტერიტორია ეკუთვნის მუნიციპალიტეტს. ჩვენ ვამზადებთ აუქციონს ამ მიწის ნაკვეთის გამოსატანად, ერთადერთი პირობით, იქ უნდა მოეწყოს სპორტული კომპლექსი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან განმარტა, რომ კომპლექსი მოიცავს ჩოგბურთის ოთხ კორტს, ერთ ღია ან დახურულ საცურაო აუზს და სატრენაჟორო დარბაზს.

„ეს იქნება ცენტრი, რომლითაც ქალაქის მასშტაბით ყველა მსურველი ისარგებლებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს დაავალა, აუქციონის გამოსაცხადებლად ყველა საჭირო საკითხი დროულად მოგვარდეს და აუქციონი მომდევნო კვირაში გამოცხადდეს.

„მინდა, შევთავაზო ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც ასეთი კომპლექსის მშენებლობის სურვილი აქვს, მიიღონ აუქციონში მონაწილეობა და განახორციელონ პროექტი“, – განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

დატოვე კომენტარი