ლიგა 3-ში დაწინაურებულმა „გონიომ“ მორიგი ტრანსფერი განახორციელა – გუნდმა თბილისის „საბურთალოს“ ფეხბურთელი გიორგი ომარაშვილი დაიმატა. 21 წლის თავდამსხმელის ტრანსფერზე ინფორმაციას კლუბი ავრცელებს.
„მორიგი წარმატებული ტრანსფერი – „გონიოს“ ღირსებას დაიცავს ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელი გიორგი ომარაშვილი. იმედს ვიტოვებთ, ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩვენს კლუბთან ერთად სამომავლოდ ბევრ წარმატებას მოიპოვებს“, – წერია კლუბის განცხადებაში.
გიორგი ომარაშვილი ვარჯიშობდა თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიაში, ასევე „საბურთალოსა“ და „დინამო თბილისის“ აკადემიებში. ეროვნულ ლიგაში სადებიუტო მატჩი „დინამო თბილისში“ 2021 წელს, 18 წლის ასაკში ჩაატარა.
ასევე უთამაშია თბილისის ,,ლოკომიტივში“ და ეროვნული ლიგის „თელავში“, ხოლო ბოლო სეზონი გაატარა „საბურთალოში“, სადაც საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული გახდა.
ახლა ომარაშვილი თურქეთშია, სადაც „გონიო” სეზონის დაწყებამდე საწვრთნელ შეკრებას გადის – კლუბი სამშობლოში 9 თებერვალს დაბრუნდება.