ლევან სეთურიძე საფეხბურთო კლუბ „საბურთალოში“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა. 28 წლის სპეციალისტი ჩემპიონ კლუბში სპორტულ საკითხებს გაუძღვება.
სეთურიძემ პროფესიული კარიერა „საბურთალოს“ სკოლის შემდეგ დაიწყო, თამაშობდა „გაგრასა“ და „ზესტაფონში“, მაგრამ ტრავმის გამო კარიერა ნაადრევად დაამთავრა და იტალიაში, ვერონას სპორტულ უნივერსიტეტში სპორტული მენეჯმენტის კურსები გაიარა.
28 წლის სეთურიძემ მენეჯერის კარიერა „გაგრაში“ დაიწყო, არის ორგანიზაცია „თავისუფალი ფეხბურთის“ დამფუძნებელი. მისი და „თავისუფალი ფეხბურთის“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, პეტრე სარდანაძის ინიციატივით მოეწყო თბილისში ცნობილი ევროპული კლუბების საზაფხულო სკოლები – მილანის „ინტერისა“ და ტურინის „იუვენტუსის“, ივლისში კი მადრიდის „რეალის“ კემპი გაიმართება. სეთურიძის მიზანია, რომ „საბურთალოსა“ და იტალიურ კლუბებს შორის პარტნიორული ურთიერთობები დაამყაროს.