საბურთალოს რაიონის 12 ათასამდე აბონენტს დღეს გაზმომარაგება შეუწყდება
საბურთალოს რაიონის 12 ათასამდე აბონენტს დღეს გაზმომარაგება შეუწყდება

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ დირექტორის ინფორმაციით, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მიერ სამუშაოების ჩატარებისას, დაზიანდა საშუალო წნევის გაზსადენი, რასაც საბურთალოს რაიონში 12 ათასამდე აბონენტის გათიშვა მოჰყვა.

როგორც კომპანიაში ამბობენ, მოქალაქეებს შესაბამისი შეტყობინებები უკვე გაუგზავნეს.

„ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა, დააზიანა საშუალო წნევის გაზსადენი, რასაც საბურთალოს რაიონში 12 ათასამდე აბონენტის გათიშვა მოჰყვა. ჩვენმა კომპანიამ შესაბამისი მოკლე ტექსტური შეტყობინებები უკვე გაუგზავნა მოქალაქეებს. ადგილზე მობილიზებულები არიან კომპანიის სამუშაო ჯგუფები. დაახლოებით 4-5 საათში პრობლემა აღმოიფხვრება და გბუნებრივი აირის მიწოდებაც აღდგება.“ – განუცხადა პირველ არხს კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა ოდენობის ზიანი მიადგა გაზმომარაგების კომპანიას, თამაზაშვილმა უპასუხა, რომ ჯერჯერობით ზუსტი ოდენობა დათვლილი არ არის, თუმცა ყველანაირ ხარჯებს სამშენებლო კომპანია აანაზღაურებს.

„ იმ ზარალს, რასაც „ყაზტრანსგაზ-თბილისი გაიღებს, მთლიანად სამშენებლო კომპანია აანაზღაურებს. ჯერ არ ვიცით ზუსტი ოდენობა, თუმცა გეტყვით, რომ ეს არ იქნება პატარა თანხა. აქ საუბარია როგორც ბუნებრივი გაზის დანაკარგების, ისე ტექნიკური სამუშაოების წარმოების დანახარჯებზე“ – განუცხადა პირველ არხს  გიგლა თამაზაშვილმა