„საბურთალოს“ პრეზიდენტი - ჩემთვის საზომი მხოლოდ ევროთასებზე გამოსვლაა
„საბურთალოს“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის წარდგენისას გუნდის მიზნებზე ილაპარაკა.
„ჩვენ უბნის გუნდი იმ დონეზე მივიყვანეთ, რომ ზედიზედ ორი წელი საქართველოს ჩემპიონობას და თასის მოპოვებას ვზეიმობთ, მაგრამ მთავარი კრიტერიუმი ევროსარბიელია. ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად, ჩვენ უახლოესი სამი წლის განმავლობაში, საქართველოში ყველა ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ევროტურნირის ჯგუფში მოვხვდეთ“ – ამბობს ტარიელ ხეჩიკაშვილი.
„საბურთალოს“ პრეზიდენტი არ მალავს, რომ გასულ წელს ევროდებიუტმა დიდი ტკივილი მიაყენა: „ევროსეზონის შემდეგ გულშემატკივრებს უკმარისობის გრძნობა დავუტოვეთ. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ორ საშინაო მატჩში დავმარცხდით, გულშემატკივრები ტაშით გვაცილებდნენ. მესამე მარცხი კი მეტისმეტი იყო და გულშემატკივრებთან ვალში ვართ. ეს ხინჯი გულში მაქვს და ჩვენს გულშემატკივარს კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი“.
„საბურთალოს“ პრეზიდენტმა ახალ მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებულ იმედებზე ისაუბრა: „გია ცეცაძე ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მწვრთნელია. იმედი გვაქვს, რომ ქართული ფეხბურთის ქომაგებს ერთობლივი მუშაობით გავახარებთ. მთავარი მოთხოვნა და სურვილი წარმატების ევროგათამაშებაში მიღწევაა – ჩემთვის სხვა საზომი არ არსებობს”.