„საბურთალოს“ მწვრთნელი „შერიფთან“ გამარჯვებაზე - ძნელი წარმოსადგენია, ასე კიდევ რა გამახარებს
ქართულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლით მატჩში 6-წლიანი პაუზის შემდეგ გაიმარჯვა. ტირასპოლის „შერიფთან“ სენსაციური მოგების (0:3) მატჩის შემდეგ „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენცია გამართა.
„თამაში ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა და ბუნებრივია, ხარისხით და შედეგით კმაყოფილი ვარ. მით უფრო, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით. ბევრ რამეში გაგვიმართლა. არ დავმალავ, რომ ასეთ გამარჯვებას არ ველოდით, მაგრამ ბევრიც სწორად გავაკეთეთ და ეს შედეგიც აისახა. ეს ნახევარი გზაა, საბოლოო წარმატებისთვის კი ჯერ არ მიგვიღწევია. მთავარია, თბილისშიც მოვიგოთ“, – ამბობს „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი.
ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენციაზე ემოციები ვერ დამალა.
„ჯერ ჩემი ბიჭებისთვის არაფერი მითქვამს, მხოლოდ მადლობა გადავუხადე. სიტყვებით ამ სიხარულის გადმოცემა შეუძლებელია. ჩემთვის ყველა მოგება განსაკუთრებულად სასიხარულოა, მაგრამ ახლა რასაც ვგრძნობ, ძნელი წარმოსადგენია, ასე კიდევ რას შეუძლია გამახაროს“,- აღნიშნა ჭიაბრიშვილმა.