„საბურთალოს“ მცველი - სეზონის დაწყებამდე მხოლოდ სამეულში მოხვედრაზე ვფიქრობდით
„ძალიან სასიამოვნო განცდაა, როდესაც ხდები ქვეყნის ჩემპიონი. გახარებული და ბედნიერი ვარ, რომ მიზნის მიღწევა შევძელით და ჩემპიონები გავხდით,” – ამბობს „საბურთალოს“ მცველი გიორგი რეხვიაშვილი.
გიორგი რეხვიაშვილი არა მხოლოდ „საბურთალოში“, არამედ ჩვენს პირველობაზე ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია. ცენტრალურ მცველს კარიერაში 229 მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან 32 „საბურთალოს” მაისურით.
გამოცდილმა ფეხბურთელმა გუნდის წარმატების მიზეზებზე ილაპარაკა – „პირველი ის, რომ გუნდი მართლაც ერთ მუშტად იყო შეკრული – მწვრთნელები, ფეხბურთელები, კლუბის ხელმძღვანელები. გავიარეთ ორი კარგი შეკრება, სადაც ამხანაგურ მატჩებში საკმაოდ ძლიერ გუნდებს დავუპირისპირდით. თუმცა, სეზონის დაწყებამდე „საბურთალოს“ მიზანი მხოლოდ ევროტურნირებზე და სამეულში მოხვედრა იყო, მაგრამ შემდეგ მატჩებმა და დრომ გვაჩვენა, რომ ჩემპიონობაც შეგვეძლო. მთელი სეზონი ვლიდერობდით, დამაჯერებლად ვთამაშობდით, ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთს ვაჩვენებდით. საკმაოდ ძლიერი კონკურენტები გვყავდა – „დინამოსა“ და „ტორპედოს“ სახით. სასიხარულოა, რომ ორივე მათგანს დიდი სხვაობით გავასწარით“.