„საბურთალოს“ გერმანელი დებიუტანტი - „ფრაიბურგის” თამაშებზე ხალხი ქართველების გამო დადიოდა #1TVSPORT
„საბურთალომ“ გერმანელი ლეგიონერი, მიუნხენის „ბაიერნის” აკადემიის აკადემიის აღზრდილი სიმონ სეფერინგსი დაიმატა, რომელმაც ინტერვიუში ილაპარაკა გერმანიაზე, „ბაიერნზე“, საქართველოში ჩამოსვლაზე, ახალ გუნდსა და „ფრაიბურგის“ ქართველებზე.
„ალემანიას“ საფეხბურთო სკოლის შემდეგ, რამდენიმე წელი „ბაიერნის“ აკადემიაში გავატარე. ამის შემდეგ იყო მეორე „მიუნხენი 1860“, სადაც პროფესიონალურ დონეზე დავიწყე თამაში. საქართველოში როგორ აღმოვჩნდი? „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი ხვიჩა შუბითიძე ჩემს მენეჯერს დაუკავშირდა და საქართველოში თამაში შემომთავაზა. კლუბთან კონტრაქტს გაფორმებამდე ათი დღე „საბურთალოში“ ვივარჯიშე, შემდეგ გერმანიაში დავბრუნდი და საბუთები მოვაწესრიგე. „საბურთალო“ მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი კლუბია და სიამოვნებით დავთანხმდი“, – ამბობს სიმონ სეფერინგსი.
26 წლის ნახევარმცველს ახალ კლუბში წარმატებულ დებიუტი ჰქონდა – „თელავთან“ სადებიუტო მატჩში 93-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა და გუნდს სამი ქულა მოუტანა.
„გამიმართლა, რომ ბოლო წუთზე გოლი გავიტანე. მინდა, ჩემს ახალ მეგობრებს მადლობა გადავუხადო – რა თქმა უნდა, მათი დამსახურებაა, რომ მე კლუბისთვის მნიშვნელოვანი ბურთი გავიტანე. გოლმა წარსულში გადატანილი პრობლემები საერთოდ დამავიწყდა – ჯერ ტრავმა მქონდა და რამდენიმე თვე იძულებით ვიყავი ჩამოშორებული ფეხბურთს, შემდეგ კი კოვიდ-19-ით დავინფიცირდი და ამანაც გარკვეული დრო დამაკარგვინა. გოლი რომ გავიტანე, თავი სიზმარში მეგონა, უზომოდ გამიხარდა, გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. თამაშის შემდეგ გასახდელში ძალიან დიდი ემოციები იყო, როგორც ფეხბურთელებისგან, ასევე მწვრთნელებისგან“.
სეფერინგსმა „საბურთალოსა“ და საქართველოს ჩემპიონატზე ისაუბრა:
„ფეხბურთელებთან კონტაქტში იოლად შევედი, კომუნიკაბელური გუნდელები მყავს. თბილად დამხვდნენ, რამაც გამიადვილა გუნდთან ადაპტირება. ნაწილობრივ დავათვალიერე თბილისი და მოხიბლული დავრჩი, თუმცა ჯერ ბევრი რამ მაქვს სანახავი. ქართველებს უყვართ ტექნიკური და სანახაობრივი ფეხბურთი. ვნახე „საბურთალოს“ შეხვედრები ევროტურნირებზე, ჩემპიოანტში და ინფორმაცია დამიგროვდა. სხვა გუნდებსაც ნელ-ნელა ვეცნობი“.
მან გერმანიაში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები გაიხსენა:
„როდესაც ქართველები „ფრაიბურგში“ იყვნენ, მაშინ პატარა ვიყავი, თუმცა ქართველების თამაში მაინც მახსოვს, ისინი „ფრაიბურგის“ შემადგენლობაში დიდ როლს ასრულებდნენ. ისინი საკმაოდ ტექნიკურები იყვნენ და ბევრ მეტოქეს უქმნიდნენ პრობლემებს. მამაც ფეხბურთელი იყო, მერე მწვრთნელი გახდა და მისგან მსმენია, რომ ბევრი სტადიონზე სწორედ ქართველების სანახავად დადიოდა, გუნდის ლიდერები იყვნენ, მათ გარეშე „ფრაიბურგი” წარმოუდგენელი იყო. შემდეგ კობიაშვილმა კიდევ უფრო მაღალ დონეზე განაგრძო საფეხბურთო ცხოვრება, როდესაც „შალკეში“ გადავიდა. ითამაშო ბუნდესლიგაში მარტივი არაა, ქართველები გერმანიაში დიდ როლს ასრულებდნენ“.