„საბურთალომ“ „შუქურა“ დაამარცხა - თბილისელები მეორე ადგილზე დაწინაურდნენ #1TVSPORT
„საბურთალომ“ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და მოწინააღმდეგეს წარმატების შანსი არ დაუტოვა – 5:1.
მიუხედავად იმისა, რომ ქობულეთის „შუქურას“ სატრანსფერო ბანი მოხსნეს და თბილისელებთან შეხვედრამდე ახალი მოთამაშეები დაიმატეს, გუნდმა ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს, „საბურთალოს“ წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
თბილისელებმა თამაში კარგად დაიწყეს და პირველივე ტაიმში მეტოქეს ოთხი გოლი გაუტანეს. პირველ ტაიმში დუბლი შეასრულეს შეიკნე სილამ (9, 45+1 – პენალტით) და ლუკა სილაგაძემ (17, 41). მეორე ნახევარში გოლით თავი ზაზა ციცქიშვილმა (57) გამოიჩინა. საბოლოო ანგარიში კი ეფექტური დარტყმით 82-ე წუთზე „შუქურას“ შემტევმა, ლუკა რობაქიძემ დააფიქსირა – 5:1.
„საბურთალომ“ ზედიზედ ორი მატჩის წაგების შემდეგ პირველად გაიმარჯვა, 21 ტურში 41 ქულა დააგროვა და ბათუმის „დინამოსთან“ (45) ჩამორჩენა შეამცირა, ხოლო ქობულეთის „შუქურა“ (რომელსაც 6 ქულა დააკლეს) 7 ქულით ბოლო, მეათე ადგილზე დარჩა.