„საბურთალო“ ქართულ კლუბებში ის იშვიათი გამონაკლისია, რომელმაც მოსამზადებელი ეტაპი წაუგებლად დაასრულა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა თურქეთში 8 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, სადაც 4 მატჩში გაიმარჯვა, ამდენივე შეხვედრა კი ფრედ დაასრულა.
„საბურთალომ“ თურქულ შეკრებაზე ბოლო სპარინგი რუსეთის პირველობის მეორე ლიგის „ნეფტოხიმიკთან“ გამართა და 2:1 დაამარცხა.
მატჩის პირველი ნახევარი თბილისელების სრული უპირატესობით წარიმართა და ვაგნერ გონსალვესის გადაცემით გიორგი კოხრეიძემ ანგარიში გახსნა.
მეორე ნახევრის დასაწყისში მეტოქემ გაათანაბრა – ლაზარე კუპატაძის მიერ მოგერიებულ ბურთზე, ყველას ვიაჩესლავ სტეშნიმ დაასწრო – 1:1.
59-ე წუთზე ვაგნერმა კიდევ ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა – მან კუთხური შეასრულა და დიმიტრი ტატანაშვილმა თავური დარტყმით “საბურთალოს” მოაგებინა 2:1.
„საბურთალო“ – „ნეფტოხიმიკი“ 2:1.
გოლები: 1:0 კოხრეიძე (12), 1:1 სტეშნი (49), 2:1 ტატანაშვილი (59).
”საბურთალო”: კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, ჩაბრაძე, ელვინ ტერა, გორგიაშვილი, ვაგნერი, ხარაიშვილი, კოხრეიძე, ტატანაშვილი.
შეცვლაზე: გოშთელიანი, ჯინჯოლავა.