გიორგი ჭიაბრიშვილი - დამსახურებულად გავიმარჯვეთ
გიორგი ჭიაბრიშვილი - დამსახურებულად გავიმარჯვეთ

საბურთალომ” „არარატ-არმენიასთან” ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა 1:2 მოიგო.

საქართველოს ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და თამაში შეაფასა.

„ძალიან რთული და ორი განსხვავებული ტაიმის მოწმენი ვიყავით. პირველ ტაიმში მეტოქემ ზეწოლა მოახდინა და კარის აღება მოახერხა, ხოლო მეორე ნახევარი ჩვენი ინიციატივით წარიმართა. ორივე გუნდი ძალიან კარგად თამაშობდა, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენი შესაძლებლობები გამოვიყენეთ, თამაში ჩვენი სრული კარნახით მიდიოდა, რაც უპირატესობად ვაქციეთ და თამაში მოვიგეთ”, – ამბობს ჭიაბრიშვილი.

„საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი მეორე გოლის დროს მომხდარ ეპიზოდზეც გააკეთა, როდესაც ერევნელთა ფეხბურთელი წაიქცა, თბილისელებმა კი, შეტევა გააგრძელეს და გამარჯვების გოლი გაიტანეს.

„ვინ გითხრათ, რომ მეორე გოლი ფეარ-პლეის დარღვევით გავიდა? ასეთ დროს ყველაფერს მსაჯი წყვეტს, მით უმეტეს, შეტევაში ვიყავით და ასე მომენტში, ბოლომდე უნდა ვითამაშოთ. როდესაც გუნდი სახიფათო კონტრშეტევას იწყებს და მოწინააღმდეგის მოთამაშე არ თამაშობს, ამ დროს, შეხვედრა არ ჩერდება. უნდა ითქვას, რომ ამ ეპიზოდში გადამწყვეტი მთავარი არბიტრის პოზიცია იყო, მან კი, თამაშის გაგრძელების უფლება მოგვცა. საერთოდ, მიმაჩნია, რომ სრულიად დამსახურებულად გავიმარჯვეთ, რადგან მეტოქეზე მეტი საგოლე მომენტი შევქმენით და მეტიც გავიტანეთ. მეორე გოლამდე ჩვენს მხარეს იყო მსგავსი შემთხვევა, მაგრამ შეხვედრა მაშინაც არ გაჩერებულა”, – აცხადებს ჭიაბრიშვილი.

„საბურთალოსა“ და „არარატ-არმენიას“ განმეორებით დაპირისპირებას 13 აგვისტოს თბილისის „მიხეილ მესხი არენა“ უმასპინძლებს. ამ წყვილის გამარჯვებული კი, ევროპალიგის პლეიოფში ლუქსემბურგის „დუდელანჟსა“ და ესტონურ „კალიუს“ შორის საუკეთესოს შეხვდება.