„საბურთალომ“ მოთამაშეები სლოვაკეთში გაუშვა, ოთხ ფეხბურთელს კი შეელია #1TVSPORT
ახალი სეზონის დაწყებამდე, „საბურთალოში“ საკადრო სიახლეები დაიწყო, გუნდი ოთხ მოთამაშეს შეელია, ორი კი სლოვაკეთში გაუშვა – ინფორმაციას თბილისური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
„საბურთალო“ ორმა ლეგიონერმა (სირილ ჩამბა, გლებ გრაჩოვი) და ორმა ქართველმა მოთამაშემ (ზაზა ციცქიშვილი, ოლეგ მამასახლისი) ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. რაც შეეხება, იური ტაბატაძეს და გიორგი ჯინჯოლავას, ისინი სლოვაკეთში კლუბმა გაუშვა.
კლუბში საქართველოს პირველ არხს დაუდასტურეს Geo Team-ის გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „საბურთალოს“ კაპიტანი, შემტევი ნახევარმცველი ტაბატაძე და მცველი ჯინჯოლავა სლოვაკეთში გაფრინდნენ, სადაც „ზლატე მორავცეს“ შეკრებაზე შეუერთდებიან – ისინი კლუბში იჯარით ითამაშებენ.
ამავე დროს, კლუბში არ გამორიცხავენ, რომ სლოვაკურ გუნდს, შესაძლოა, მალე „საბურთალოს“ სხვა მოთამაშეც შეუერთდეს. ტაბატაძეს სლოვაკეთში ზაფხულშიც ელოდნენ, მაგრამ დაშავდა და გარიგება ჩაიშალა.