„საბურთალომ“ ლიდერებთან ჩამორჩენა შეამცირა
„საბურთალომ“ ლიდერებთან ჩამორჩენა შეამცირა

„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ მორიგი შეხვედრები გაიმართა. ივანწმინდაში „ჩიხურამ“ „ვიტ ჯორჯია“ მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

საინტერესოა, რომ სამივე გოლი პენალტით გავიდა, მეორე წუთზე ანგარიში საჩხერელთა მცველმა გიორგი კორიფაძემ გახსნა. „ვიტ ჯორჯიამ“ 70-ე წუთზე ზურაბ მუსელიანის შესრულებული პენალტით გაათანაბრა, ხოლო საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე ისევ კორიფაძემ დააფიქსირა – 2:1 „ჩიხურას“ სასარგებლოდ.

რუსთავის ტექნიკურ ცენტრში პრინციპული მეტოქეების შეხვედრა გაიმართა: „რუსთავი“ მოქმედ ჩემპიონ „საბურთალოს“ შეხვდა და დიდი ანგარიშით დამარცხდა. ანგარიში თბილისელთა ჩერნოგორიელმა თავდამსხმელმა ოგნიენ როლოვიჩმა 26-ე წუთზე გახსნა. 49-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ სტუმართა უპირატესობა გაზრადა, 61-ე წუთზე კი გიორგი გაბედავამ „საბოლოო“ ანგარიში დააფიქსირა – 0:3 „საბურთალოს“ სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდმა შეხვედრა 10-10 მოთამაშით დაასრულა. მასპინძლებს ყველა შეცვლის უფლება გამოყენებული ჰქონდათ, როდესაც ლუკა სილაგაძე დაშავდა და მოედნის დატოვება მოუხდა. სტუმრებს კი კენიელი ნახევარმცველი ელვინ ტერა 84-ე წუთზე გაუძევეს.

„საბურთალო“ 57 ქულით მესამე ადგილზეა, თბილისის და ბათუმის „დინამოებს“ (ორივეს 61 ქულა აქვს) მცირედ ჩამორჩება და ჩემპიონობის თეორიულ შანსს ინარჩუნებს. საჩხერლებმა (35 ქულა) „რუსთავს“ (34 ქულა) გადაასწრეს და მეშვიდე ადგილზე არიან. „ვიტ ჯორჯია“ (18 ქულა) კი ბოლო ადგილზეა და ლიგაში დარჩენის ერთ-ერთი ბოლო შანსი ვერ გამოიყენა.