„საბურთალომ“ ჰოლანდიელი მცველი დაიმატა (ვიდეო)

„საბურთალომ“ თურქული შეკრება დაასრულა, მალე კი ესპანეთში გაემგზავრება, სადაც შეკრებას 1-14 თებერვალს გაივლის.

30 იანვარს, „საბურთალო“ თბილისში ამხანაგურ მატჩს ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ დუშეთის „არაგვთან“ დიდ დიღომში, ოლიმპიურ კომპლექსში გამართავს.

შესაძლოა, ამ შეხვედრებში გუნდში ახალი ლეგიონერი ვიხილოთ. საქართველოს თასის მფლობელმა 25 წლის ჰოლანდიელი ჯულიუს ბლეიკი დაიმატა. ცენტრალური მცველი (სიამღლე – 188 სანტიმეტრი) ბოლოს ჰოლანდიის პირველი დივიზიონის „იგლზში“ თამაშობდა. წლეულს „იგლზი“ მოწინავეთა შორის იმყოფება და ერედივიზიონში (უმაღლესი ლიგა) გადასვლას გეგმავს. კლუბის ახალწვეული 2017-2018 წლების სეზონში ასევე ჰოლანდიის პირველი დივიზიონის – „დორდეხტში“ ასპარეზობდა, რის შემდეგაც „იგლზს“ მიაშურა.

მეორე ახალწვეული კი 28 წლის მეკარე დავით კუპატაძეა რომელიც ბოლოს ტაჯიკეთის „ხუჯანდაში“ თამაშობდა, „საბურთალოში“ ჩაირიცხა. კლუბმა მასთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ტაჯიკეთამდე კუპატაძე საქართველოში ასპარეზობდა და იცავდა „სამტრედიის“, „შუქურას“, მარტვილის „მერანის“, „სამგურალის“, „ჩიხურას“, „ზესტაფონისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას.

დატოვე კომენტარი