საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ ახალი სეზონისთვის ძლიერდება. 2018 წლიდან კლუბის ღირსებას საჩხერეს „ჩიხურას“ ნახევარმცველი თორნიკე გორგიაშვილი დაიცავს.
29 წლის თორნიკე გორგიაშვილმა, რომელიც ბოლოს საჩხერის „ჩიხურას“ შემადგენლობაში ასპარეზობდა, დედაქალაქურ „საბურთალოსთან“ ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ და ახალწვეულმა, კონტრაქტს ხელ დღეს მოაწერეს.
გორგიაშვილი „ზესტაფონში“ 2-ჯერ ქვეყნის ჩემპიონი გახდა, ერთხელაც – სუპერთასის გამარჯვებული. შემდეგ უკვე „დინამოს“ შემადგენლობაში გაჩემპიონდა და თასსაც დაეუფლა. გარდა ამ გუნდებისა, თამაშობდა „სამტრედიაში“, „ცხინვალსა“ და საჩხერეს „ჩიხურაში“.
შეგახსენებთ, რომ აქამდე „საბურთალომ” თბილისის „ლოკომოტივის“ ნახევარმცველი, გეგა დიასამიძე და „ჩიხურას“ თავდამსხმელი, ეროვნული საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელი, დიმიტრი ტატანაშვილი დაიმატა.
ამავე დროს, „საბურთალოსთან“ დაჩი ცნობილაძემ კონტრაქტი გაახანგრძლივა და 2018 წელს კვლავ დედაქალაქელთა შემადგენლობაში ითამაშებს. 23 წლის მცველი უკვე ერთი წელია „საბურთალოში“ თამაშობს.
რაც შეეხება დანაკლისს, შესაძლოა, მალე „საბურთალო“ ოთო გოშაძეს შეელიოს – 20 წლის მეკარეს თბილისის „დინამოში“ იწვევენ. სამაგიეროდ, „საბურთალომ“ მეკარე ბექა ქურდაძე დაიბრუნა, რომელიც “ლოკომოტივში” იჯარით თამაშობდა.