„საბურთალო“ ტრავმირებული კოხრეიძის შემცვლელს და ლეგიონერებს ეძებს - პანდემიამ ფეხბურთელის ჩამოყვანა ძალიან გაართულა
„საბურთალო“ ტრავმირებული კოხრეიძის შემცვლელს და ლეგიონერებს ეძებს - პანდემიამ ფეხბურთელის ჩამოყვანა ძალიან გაართულა

თბილისის „ლოკომოტივთან“ დაშავებულმა „საბურთალოს“ თავდამსხმელმა, გიორგი კოხრეიძემ სერიოზული ტრავმა მიიღო, რაც გუნდისთვის დიდი დანაკლისია, – ამის შესახებ „საბურთალოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, კახა კაშიამ განაცხადა.

„სავარაუდოდ, გიორგი კოხრეიძემ სერიოზული ტრავმა მიიღო, რაც ძალიან სამწუხაროა. მისი არყოფნა ჩვენთვის დიდი დანაკლისია. მიმდინარეობს სიღრმისეული კვლევები და რამდენიმე დღეში საბოლოოდ გვეცოდინება თუ რა სიმძიმისაა ტრავმა“, – ამბობს კახა კაშია.

„საბურთალოს“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, გუნდი ახალი ფეხბურთელების დამატებას გეგმავდა, მაგრამ ტრანსფერების განხორციელებასა და შეტევის გაძლიერებაში პრობლემებს წააწყდა.

„გიორგის ტრავმამდეც გვქონდა ტრანსფერებზე დაწყებული მუშაობა, რადგან გაძლიერება გვჭირდებოდა. პანდემიამ ძალიან გაართულა კვალიფიციური ფეხბურთელის ჩამოყვანა, არსებობს სხვადასხვა პრობლემები. მიუხედავად ამისა, ვაგრძელებთ ტრანსფერებზე მუშაობას“, – აცხადებს კაშია.

„საბურთალოს“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კლუბი ყოველწლიურად განვითარებასა და თავის უკეთ წარმოჩენას ცდილობს: „ყველა ქართული ტიტული მოვიპოვეთ, თუმცა კიდევ გვსურს ყულაბის შევსება. ამ თამასას ქვემოთ არ დავწევთ და ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. ასევე გვსურს, ევროტურნირებზე სტაბილურად ვითამაშოთ, გამოცდილება მივიღოთ და წარმატებისთვის ვიბრძოლოთ, რაც ფეხბურთელების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

კაშია ამბობს, რომ „საბურთალო“ გეზს არ უხვევს და თავის აღზრდილებს მომავალშიც დააწინაურებს: „პირველ გუნდში თამაშის შესაძლებლობა რამდენიმე ახალგაზრდას მიეცა. „საბურთალო“ აღებულ გეზს არ ღალატობს და მაქსიმალურად ცდილობს, უძლიერესთა რიგებში თავისი აღზრდილებით იასპარეზოს, რა თქმა უნდა, რამდენიმე გამოცდილ ფეხბურთელთან ერთად. გავიხსენოთ – ჯერ ჩვენი აღზრდილებით მოვახერხეთ უმაღლეს ლიგაში გადასვლა, შემდეგ კი სხვადასხვა ტიტულების მოგება“.

მისი აზრით, ჩემპიონატის წლევანდელ ფორმატში გუნდს ქულის დაკარგვის უფლება არ აქვს: „ასეთ პირობებში, შეცდომის დაშვების უფლება არა გაგვაჩნია. თითოეული ქულა ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი წრის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი. ამ დროისთვის ლიდერთა შორის ვიმყოფებით, თუმცა წინ დიდი ბრძოლები გველის“.