„საბურთალო“ თბილისში ბრუნდება და საშინაო თამაშებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის განახლებულ სათადარიგო არენაზე ჩაატარებს.
„საბურთალო“ გასული წლის ზაფხულის შემდეგ რუსთავში გადავიდა, სადაც ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ ცენტრში თამაშობდა, რადგან ევრო 2023-ისთვის „მიხეილ მესხის“ ორივე არენის რეაბილიტაცია დაიწყო.
ასეთი პრობლემის წინაშე არაერთი გუნდი დადგა – თბილისის, ქუთაისის, წყალტუბოს, ქობულეთის სტადიონების რეაბილიტაციის გამო, „ტორპედოს“, „სამგურალს“, „დინამო თბილისს“ და „შუქურას“ საშინაო თამაშების სხვა ქალაქებში გამართვა უწევდათ.
ევრო 2023-ისთვის სულ 12 საფეხბურთო სტადიონი განახლდა ან ახალი სპორტული ცენტრი აშენდა და ყველა ეს გუნდი საკუთარ ქალაქში და მშობლიურ არენაზე დაბრუნდა. „საბურთალოსთან“ ერთად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის განახლებულ სათადარიგო არენაზე საშინაო თამაშებს თბილისის „ლოკომოტივი“ ჩაატარებს.
გამონაკლისი ქობულეთის „შუქურაა“, რადგან „ჩელე არენას“ რეაბილიტაცია მალე უნდა დაიწყოს – ტენდერი გამოცხადებულია, მაგრამ ქობულეთში საფეხბურთო ცენტრი აშენდა და, სავარაუდოდ, გუნდი მშობლიურ ქალაქში ახალ მოედანზე ითამაშებს.
„საბურთალო“ „მიხეილ მესხი 2“-ზე პირველ შეხვედრას 7 აგვისტოს გამართავს. თბილისელები ეროვნული ლიგის მე-19 ტურში ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებენ.