„საბურთალო“ – „სამტრედია“ წუთიერი დუმილით დაიწყო - გოჩოლეიშვილმა გოლი შაქარაშვილის ხსოვნას მიუძღვნა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-18 ტურის მატჩი „საბურთალოსა“ და „სამტრედიას“ შორის (4:0) წუთიერი დუმილით დაიწყო – გუნდების წევრებმა პატივი მიაგეს ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას, რომლის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.
ფეხბურთელებმა შავი სამკლაურებით ითამაშეს, ხოლო „სამტრედიას“ კარში გატანილი ერთ-ერთი გოლის ავტორმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა გოლი მეგობრის ხსოვნას მიუღვძნა – ისინი „საბურთალოს“ 19-წლამდელთა გუნდში ერთად თამაშობდნენ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილი 2020 წლის 19 ივნისს დაიკარგა, მისი ცხედარი კი 22 ივნისს იპოვეს. გიორგი შაქარაშვილი „საბურთალოს” აღზრდილი იყო და გუნდში 10 წლის განმავლობაში თამაშობდა.
მიმდინარე სეზონიდან, ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის ხსოვნის საპატივსაცემოდ, საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ ხმარებიდან ამოიღო 21-ნომრიანი მაისური, რომლითაც ახალგაზრდა ფეხბურთელი თბილისურ კლუბში თამაშობდა. ამას გარდა, ტრაგიკულად გარდაცვლილი ფეხბურთელის სახელი იოსებიძის ქუჩაზე მდებარე „საბურთალოს“ აკადემიის სტადიონს მიენიჭა.